UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილსა და დაღესტნელ მებრძოლ ისლამ მახაჩევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარმოიშვა. კონფლიქტი მახაჩევის მიერ იან მაჩადო გარის დამარცხების შემდეგ, დვალიშვილის რეაქციას მოჰყვა.
დაღესტნელმა მებრძოლმა ქართველი სპორტსმენი მისი წარმატების გაუხარებლობაში დაადანაშაულა, რასაც დვალიშვილმა ვრცელი და მკაფიო ვიდეომიმართვით უპასუხა.
ისლამ მახაჩევის პოზიცია:
„დვალიშვილის რეაქცია ვნახე. ბრძოლას საერთოდ როგორ უყურებდა, თავიდანვე არ იყო ბედნიერი ჩემი წარმატებით, თუმცა ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. იანმა მერაბს მოუგო და რუსეთის დროშაც ააფრიალა, კიდევ ერთხელ მოუგებს და გააჩუმებს“, - განაცხადა მახაჩევმა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველმა მებრძოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მახაჩევის, როგორც სპორტსმენისა და ჩემპიონის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, გამარჯვებაც მიულოცა, ხოლო მისი უარყოფითი რეაქცია ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენამ გამოიწვია.
დვალიშვილი - „ახლახან ვნახე მახაჩევის ვიდეო, რომელიც გარისთან ბრძოლაზე ჩემს რეაქციას ეხებოდა. ჩემს პირველ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნამდვილი რეაქცია ისლამის ჩხუბის დროს და მის შემდეგ. თავადაც ნახავთ, რომ ბრძოლის შემდეგ მას მოგება მივულოცე. ასევე მივულოცე ჩემს სოციალურ ქსელებში.
მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო - მახაჩევის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ, რომ ის დიდი და თავმდაბალი ჩემპიონია. პატივს ვცემ იმ შრომას, რაც ისლამმა საკუთარ კარიერაში ჩადო და მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ როდესაც ვნახე, როგორ შემოიტანა მახაჩევის გუნდმა რუსეთის დროშა ოქტაგონში, გავბრაზდი.
პირველ რიგში იმიტომ, რომ UFC-ში ჩატარებული ხუთი სატიტულო ბრძოლიდან, არცერთში მომეცა უფლება, გალიაში ჩემი ქართული ან ამერიკული დროშა შემეტანა. ამ რეაქციის მე-2 მიზეზია ის, რომ ჩემთვის ეს საკითხი ძალიან პირადულია, იმის გამო, რაც რუსეთის პოლიტიკამ და მთავრობამ ჩემს ქვეყანას დაუშავა.რუსეთს საქართველოს დაახლოებით 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ამის გარდა, ჩემი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომის, ოკუპაციისა და წამების ისტორიაც არსებობს. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ჩეჩნეთში ძალადობის საშინელ ფაქტებზე, ის დღესაც უკრაინაში ხალხს კლავს. აქვე მინდა ერთი რამ ძალიან მკვეთრად განვაცხადო: მე არ მძულს რუსი ხალხი.
მე მძულს რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა. პრობლემა მაქვს რუსეთის მთავრობასა და მის ქმედებებთან და არა ჩვეულებრივ რუს ხალხთან. ჩემთვის, კავკასიელ ხალხს: დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და რეგიონის სხვა მხარეების მცხოვრებლებს აქვთ საკუთარი იდენტობა, კულტურა და ისტორია.კავკასიელ ხალხს პატივს ვცემ. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩემი სიტყვები პირადად ისლამს არ ეხებოდა. ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ რუსული მედია მუდმივად მისვამს პროვოკაციულ კითხვებს, ისინი ამ ვიდეოსაც სწორად არასდროს თარგმნიან და არ აჩვენებენ იმას, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ის არ შეესაბამება იმ ნარატივს, რომლის შექმნაც მათ სურთ.
რეალობა კი ისაა, რომ რუსეთის მთავრობა დიქტატორული და კორუმპირებულია. არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და თუ რუსეთში რამეს აპროტესტებ, ციხეში გიშვებენ. ეს არის ფაქტები“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენი ქარიზმა გარშემომყოფებს მაგნიტივით მიიზიდავს“ - 27 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
წყარო: lagazzetta.ge