Digest Logo

„იტალიიდან „ცინკის“ კუბოთი უნდა ჩამოგიყვანოო“ - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ქმარი ემუქრება და შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს

1658559290
ძალადობა

სამშობლოში დაბრუნება სიცოცხლის რისკის ფასად - იტალიაში, ემიგრაციაში მყოფ ქალს ქმარი ემუქრება. 
თამთა ჟვანიას 3 წლის შვილთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული ძალადობის მსხვერპლი გახდეს, ისევე როგორც მისი 13 წლის ქალიშვილი, რომელიც სასამართლომ უკვე ცნო დაზარალებულად. თუმცა მოძალადე მამინაცვალი ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება.

საფრთხის მიუხედავად დედა საქართველოში ბრუნდება და მისი და მისი შვილების სიცოცხლის დაცვას ითხოვს.

„იტალიიდან „ცინკის“ კუბოთი უნდა ჩამოგიყვანოო. სანამ აქედან ჩამომიყვანენ, უკვე რისკზე მივდივარ და მოვდივარ, რომ ჩემს ქვეყანაში დავიმარხო და არა აქეთ“, - ამბობს ქალი.

თამთა შამათავამ „პირველებს“ მიაწოდა აუდიო ჩანაწერი, სადაც მას ქმარი ემუქრება.

„გათახსირებულო, შენი... აშარაშკა ადამიანო, ქუჩის ქალო...მაწანწალა შენ. ზუსტად იმ ადგილას ხარ, სადაც უნდა იყოს, შე ქუჩის ქალო. მოსაკლავი ხარ შენ, სასიკვდილო ხარ“, - ვისმენთ აუდიო ჩანაწერში.

თამთა შამათავას მტკიცებით, ბოლო ერთი თვეა, ის შვილთან კონტაქტზე საერთოდ ვერ გადის და მისი მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

3 შვილის დედა ჰყვება, რომ ემიგრაციაში წასვლა გაჭირვების გამო, იძულებით, მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით მოუწია. ქალი საქართველოში ყოფილი მეუღლისგან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა, მათ შორის სოციალური ზრუნვის სააგენტოც, თუმცა 3 შვილის დედის დახმარება ვერავინ შეძლო.

„ის ძალადობდა ჩემზე, ასევე ძალადობდა ჩემს ორ შვილზე პირველი ქორწინებიდან და ახლა მიდის ფსიქოლოგიური ძალადობა ჩვენს საერთო შვილზე“, - ამბობს ქალი.

მოძალადე კაცის კიდევ ერთი მსხვერპლი თამარ ჟვანიას 13 წლის ქალიშვილია. არასრულწლოვანი გვიყვება, რომ დედის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მას და მის ძმას მამინაცვალი მუდმივად სცემდა. და-ძმამ მოძალადე კაცს პოლიციაშიც უჩივლა. ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ნაცემ და-ძმას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა მოძალადე კაცის დაკავება არც კი უცდია.

„მირტყამდა და მაიძულებდა რაღაცები გამეკეთებინა. თუ არ ვაკეთებდი მცემდა და ტელეფონს მართმევდა ერთი თვით, რის შემდეგაც დედასთან კომუნიკაცია ვეღარ მქონდა. ჩემს დასაც სცემდა. როდესაც ჩემი და სათამაშოებით ერთობოდა და ის ტელევიზორს უყურებდა, ბრაზდებოდა თამაშის ხმაზე და ურტყამდა“, - ამბობს მოზარდი.

ძალადობაში მხილებული კაცი კამერებთან არ ჩნდება. ავთანდილ მუჯირთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი შევძელით.

„არანაირი საქმე არ გვაქვს თქვენთან, ცოლი არ მყოლია არასდროს და არც მეყოლება. შვილს ვინ არ ანახვებს ერთი, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები, შიზოფრენიკი ქალი რაღაცას იტყვის, რა ჩემი საქმეა“, - ამბობს მუჯირი სატელეფონო საუბარში.

მოძალადე კაცის წინააღმდეგ საქმეს ახლა სასამართლო განიხილავს. ბრალდებული კაცი, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვნის ცემას ედავებიან თავისუფლად გადაადგილდება.

ძალადობის მსხვერპლი ქალი სამშობლოში დაბრუნებას უახლოეს დღეებში გეგმავს და მისი სიცოცხლის დაცვას სთხოვს ყველას, ვისაც ეს ეხება. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მალე გაირკვა, რომ ორივე მანქანა მღვდელს ეკუთვნოდა, სხვადასხვა მღვდელს“ - რას წერს გოგა ხაჩიძე

23 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში ისევ იწვიმებს - ნახეთ, რომელ ქალაქში გამოიდარებს

ვინ არის ქართველი კაცი, რომელსაც ბრალად პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობა ედება

წყარო: tvpirveli.ge