„ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას“, - ამის შესახებ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა დათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა დათიკოსთვის ხალხის მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული, რომელსაც ვგრძნობთ. გულშემატკივრების გვერდში დგომას დათიკო ძალიან აფასებს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დათიკომ იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მისი იმედი და არ უნდა მათ იმედი გაუცრუოს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ეს განწყობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
მე მწამს ამის და ამის სჯერა ჩვენს ოჯახს და ყველა ჩვენს ახლობელს. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ფაქტობრივად ჭრილობაზე ხდება პროთეზის დამაგრება და მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ექიმმა გვითხრა, საჭიროა დრო გავიდეს, რაც აუცილებელია ადაპტაციისთვის. კანიც უნდა გაუხეშდეს, რათა ადვილი იყოს პროთეზის მოხმარება. თბილისში ჩამოსვლისთანავე უნდა ვატაროთ რეაბილიტაციის ცენტრში ინტენსიურად, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. წონაში უნდა დაიკლოს და რაც მთავარია მოძლიერდეს. სანამ ყავარჯნების თავისუფლად გამოყენებას არ შეძლებს, მანამდე პროთეზის გამოყენება დათის გაუჭირდება. მაქსიმალურად უნდა მოვაძლიეროთ.
ახლა ვფიქრობ, რომ პროთეზზე საუბარი და მისი გამოყენება ცოტა ადრე იყო. კარგად უნდა შეხორცებულიყო ჭრილობა და თვითონაც უფრო მეტად მზად უნდა ყოფილიყო. დიდი მოლოდინი გვქონდა და ახლა, როდესაც პრაქტიკაში მოხმარებისას გაგვიჭირდა, ბავშვს ცოტა დემოტივაცია გაუჩნდა. როდესაც ხედავს, რომ ისე ვერ დადის, როგორც ეგონა ივლიდა და ამის მოლოდინი ჰქონდა, ახლა მოდუნდა და განიცდის. მეც ძალიან განვიცდი, რადგან ჩვენც სხვანაირად გვეგონა. იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. პროთეზი გადმოგვეცა ისე, როგორც ექიმმა გვითხრა, მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწია. პერიოდულად უმუშავებენ იმ ადგილებს, სადაც ტკივილს გრძნობს. ყველანაირად ცდილობენ, რომ დახვეწონ და მოარგონ სხეულს. ველოდებით თანხების ბოლომდე გადაფარვას და სავარაუდოდ თვის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით. ახლა ინტენსიურად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში.
დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება. სულ ამბობდა, რომ ასე არ უნდოდა ჩასვლა საქართველოში და ხშირად ამბობდა, რომ მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩასვლა თბილისში და ვიცი ბევრი მელოდებაო. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას“, - აღნიშნა ქრისტინე მამუკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: imedinews.ge