„იუთუბიზე“ გავრცელდა ნიკოლოზ ლორიას პოდკასტის მორიგი ეპიზოდი, სადაც წამყვანის სტუმარი ეზოტერიკოსი მარიამი იყო. გადაცემაში, რომელიც წამყვანის თქმით „მაღალი ინტელექტის მქონე და გამოღვიძებული ხალხისთვისაა გათვლილი“, სტუმარმა საკუთარ უცნაურ ბავშვობაზე, ეზოტერიკით დაინტერესებასა და მენტალურ უნარებზე ისაუბრა.
მარიამის განცხადებით, მას საკუთარი თავი 3 თვის ასაკიდან ახსოვს, ხოლო 2 წლიდან უკვე მკაფიოდ აღიქვამდა, რომ პატარა სხეულში „დიდი პიროვნება“ იმყოფებოდა. მისი თქმით, ბავშვობიდან ლაპარაკობდა უცნაურ ენაზე, რომელიც წლების შემდეგ შუმერულისა და ლათინურის ნარევად იდენტიფიცირდა.
„5-დან 15 წლამდე ჩემთან მოდიოდნენ უცნაური არსებები, ოთახში შედიოდა შუქი, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ არის. ხელს მადებდნენ, ვითიშებოდი და მერე მახსოვს, რომ ვიწექი თეთრ სივრცეში, მაგიდაზე და თავში რაღაცას მიკეთებდნენ. დილით ნაკაწრებითა და დამწვრობებით ვიღვიძებდი... მესმოდა ხმები, რის გამოც მეგონა, რომ შიზოფრენია მჭირდა, თუმცა მითხრეს, რომ მესამე განზომილებაში ვართ და ისინი მეხმარებიან“, - აცხადებს ეზოტერიკოსი.
ციმინტიას თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს ეზოტერიკისა და „მესამე თვალის“ ეშინია, რადგან ისინი ჩარჩოებში არიან მოქცეულნი და „დამკვირვებლის პოზიციაში“ ყოფნა არ შეუძლიათ. ამის საილუსტრაციოდ მან საზოგადოება „ფერმის ცხოველებს“ შეადარა, რომლებიც სისტემიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.
მარიამმა ასევე წამოაყენა „ნულოვანი ადამიანის“ თეორია და განაცხადა:
„თუ არის ნულოვანი ადამიანი, რომელსაც არანაირი მშობლები არ ჰყავს, უბრალოდ არის კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, ნულოვანი, შეერთებული და გაიზარდა... გავიყვანოთ სხვა პლანეტაზე და დასვი ეს ადამიანი, ეს ნულოვანი ადამიანი გაიზრდება, თავისი ქმედებებიდან გამომდინარე დასკვნებს გამოიტანს, უფრო თავისუფალი იქნება, ჩართავს თავისი ტვინის უფრო მეტ პროცენტს.
იმიტომ, რომ ადამიანის ტვინი მუშაობს მარტო 10%-ზე, და 10-ზე თუ უმუშავებს, ზოგს 10-ზეც არ უმუშავებს, მოდი ასე ვთქვათ და ჩვენ სადღაც 90%-ს ვერც ვიყენებთ. ეს ყველაფერი რომ ჩავრთოთ, ჩვენ ვიქნებით ზუსტად აი ის მულტიგანზომილებიანი არსება, ძალიან ძლიერი.
ჩვენ შევძლებთ, ახლა გაგიკვირდებათ, იფიქრებთ, რომ ფანტაზიორი ვარ, ფრენა, ტელეკინეზი, კომუნიკაცია დისტანციურად, ტელეპატიურად... ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, მაგრამ აი ეს ნულოვანი სისტემა გვიშლის ხელს და კიდევ აქ გვაწვებიან სხვადასხვა მხრიდან, უფრო მეტი ჩახშობა მიდის, ჩარჩოები მიდის და ვსო“,- ამბობს მარიამ ციმინტია.
მარიამის თქმით, მას, როგორც ეზოტერიკოსს, ფიცი აქვს დადებული, რომ ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს. მისი თქმით, ბევრი ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში „შავ მაგიას“ აანონსებს და დიდ თანხებს ითხოვს, სინამდვილეში ფსიქოლოგიური თამაშით სარგებლობს:
„ჯადოს ქმედებას როცა დაინახავ, ტვინში თვითგანადგურების სისტემა ირთვება - ეს კლასიკური ფსიქოლოგიაა. ჯადო არსებობს, თუმცა ძალიან იშვიათია. უმეტესად, ეს არის ადამიანების მოტყუება და ფსიქოლოგიური თამაში. როდესაც ადამიანი ყველაფერს სხვას აბრალებს და ამბობს, რომ „ჯადო გაუკეთეს“, ეს უბრალოდ პასუხისმგებლობის არიდებაა“, - აღნიშნავს ეზოტერიკოსი.
განაცხადა, რომ ყველა დაავადებას თავისი ენერგეტიკული სიხშირე აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ შექმნა ორი სპეციალური აპარატი, რომელთა წარდგენასაც ინდოეთში გეგმავს:
„გამოვიგონე ორი აპარატი, რომელიც ჰერცებზეა დამოკიდებული. ერთი აპარატი ზომავს დაზიანებული ორგანოს ჰერცს, ხოლო მეორე წევს ამ სიხშირეს, რათა ორგანომ რეგენერაცია განიცადოს. ჩვენ მხოლოდ სიხშირე და ვიბრაცია ვართ“, - განაცხადა მარიამმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: