16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
„ქვეყანაში უკვე შემოტანილია 200 000 დოზა ვაქცინა. რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, 60 წლის ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ასევე რისკის შემცველი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობთ, რომ წელსაც აქტიური იქნება ვაქცინაციის კამპანია. ეს დოზები ყველა იმ პირისთვის, ვინც ბრძანებით არის განსაზღვრული, არის უფასო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.