Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია - „მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“

1746006089
ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ფრანგულ კლუბზე, მწვრთნელზე, თანაგუნდელებსა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. 24 წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოპოვების მოლოდინშია.

ლუის ენრიკეს სიკეთესა და „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევის მრავალფეროვნებაზე

„ჩვენ ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს, სწორედ ამან გვაქცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად“, – თქვა პარიზელთა თავდამსხმელმა, როდესაც მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.

კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, თუმცა ქართველი საქმეს სწრაფად შეუდგა და უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.

პარიზში გადასვლაზე

„რთულია, როდესაც გუნდს შუა სეზონში უერთდები, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურებაა. ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და გაგრძნობინებენ, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ.

პარიზში გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა – აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული მოთამაშე ხარ“.

ლუის ენრიკე პატივისცემით მექცევა…

„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა“.

ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელია

„ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთში ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს იქ თამაშზე და ყველას მოგება სურს, თუმცა ეს წარმოუდგენლად რთულია. სახელი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ეს ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ტურნირია. ნახევარფინალში მოხვედრილ ყველა გუნდს აქვს უნარი, გამარჯვებული გახდეს. ვცდილობთ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოგვდის. მთავარია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებულნი ყველა მატჩზე, რომელიც წინ გველის. მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“.

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელებზე

„მათი ინდივიდუალური თვისებები ძალიან მეხმარება, რადგან ისინი უამრავ საგოლე შანსს ქმნიან. როდესაც ირგვლივ ასეთი ნიჭიერი და სწრაფი მოთამაშეები გყავს, რომლებსაც შეუძლიათ გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, ეს არის ის, რაც ნამდვილად უნდა დააფასო.

კონკურენცია ყოველთვის კარგია, ეს გუნდისთვისაც აუცილებელია, რადგან ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ემზადება. როდესაც გარშემო მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, ბუნებრივია, გინდა, რომ მაქსიმუმი გაიღო.

ასეთი ჯანსაღი კონკურენციის შექმნა ადვილი არ არის, ამიტომ კარგია, რომ ამის მიღწევა შევძელით. დუე, დემბელე, ბარკოლა – სამივე საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

დუეს გამორჩეული თვისება მისი თავდაჯერებულობაა. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ფეხბურთისთვის ნამდვილი საჩუქარია, რომელსაც ბევრად მეტი შეუძლია. ის, რაც მას სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებისგან გამოარჩევს, ფეხბურთის სიყვარული და პროფესიონალიზმია“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი შემოქმედება დაიწყო როკით...მაღიზიანებს, ის რომ თავის ზოლს არავინ იჭერს და წესები არ იციან“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე?

⭕კლინიკა „ჰელსიკორი“ - „ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა კლინიკებში და უსაფრთხოდ იმყოფებიან“

„შინაგანი აღმოჩენებისა და ღირებულებების გადაფასების დროა...“ - 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან