
თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. იგი გამთენიისას „საგარეჯოს ჰოსპიტალიდან“ გადაიყვანეს.
როგორც „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო.
„პაციენტი შემოყვანილ იქნა დღეს, დილით, დაახლოებით 7-ის ნახევარზე. გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.