თამარ მაყაშვილი წლებია, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის და მას გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს და ქალბატონი თამარი დაგროვებულ ცოდნას ყველას უზიარებს.
თამარ მაყაშვილი: ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს, მაგრამ ბევრი უარყოფს. რამეს რომ ეტყვი, გიპასუხებს, მე არაფერი მჭირს, შენ შენს თავს მიხედეო. რეალურად, ამ პრობლემაზე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, მე მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება შემიძლია. ისიც ვიცი, რომ კვლევა და ექიმებში სიარული მარტივი არ არის, მათ შორის არც ფინანსურად, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს, არსებობს სხვადასხვა პროგრამა, სახელმწიფო დაზღვევა და გზები, რომელსაც შეგვიძლია, მივმართოთ. მთავარია, შევიგნოთ, რომ ეს პრობლემაა და ნაბიჯი გადავდგათ ექიმისკენ. ისიც მსმენია, რომ ვიღაცები შელოცვებს აკეთებენ, ექიმთან რა გინდაო, გეუბნებიან. ადამიანების ნაწილს ეს სიბნელე უფრო მოსწონს ან მამაოებთან მიდიან. არადა, თუ თავს მედიკამენტები არ მიახმარე, სამწუხაროდ, არაფერი გიშველის, ამიტომ ამ დროს პროფესიონალს უნდა მიმართოთ. დედა ფსიქიატრი?! გვეშინია მისი ხსენების, სხვა ექიმის რატომ არ გეშინია? კი არ უნდა გეშინოდეს, აუცილებლად უნდა მიმართო, რომ მერე ფსიქიატრიულ კლინიკამდე არ მიხვიდე.
– ხშირად აღიარებისაც გვრცხვენია, თქვენ გქონდათ ეს მომენტი?
– არანაირი სირცხვილი, უბრალოდ, როცა ავად ვარ, შეიძლება, საჯაროდ არ გამოვიდე, რომ შენ ჩემი დაზეთილი სახე არ დაინახო. მე იმ წუთს არ ვარ კარგად და შეიძლება, ტელეფონზეც არ გიპასუხო, მაგრამ აუცილებლად „მოვიქოქები“ და დავუბრუნდები ჩვეულ ფორმას. არანაირი სირცხვილი, არ მრცხვენია ჩემი მდგომარეობის, არც მე და არც ჩემს შვილს შერცხვენია ამის, როცა გადაცემაში საკუთარი პრობლემის შესახებ მოყვა. რა არის სასირცხვილო? მთავარია, თავი იქამდე არ მიიყვანო, რომ საავადმყოფო დაგჭირდეს, თავის დროზე უნდა მიხედო პრობლემას. მსმენია, თავს ხელში ავიყვანო... ვერ აიყვან, გამორიცხულია. რაღაც მომენტამდე კი, მაგრამ რაღაც მდგომარეობაში უკვე აუცილებლად მედიკამენტები უნდა დაგეხმაროს. მე ჩემი მეგობრებისთვის ძალიან დელიკატურად მითქვამს, ხომ არ წავიდეთ სპეციალისტთან? გადაუდგამთ ეს ნაბიჯი და ძალიან კმაყოფილები ყოფილან. რუსოს არაერთ მეგობარს დაურეკავს და უკითხავს, ვისთან წავიდე, კარგად ვერ ვარო და ჩემი გამოცდილება გამიზიარებია. არიან ადამიანები, ვისაც ეუბნები, მაგრამ სანამ თვითონ არ მივა უკიდურეს მომენტამდე, რჩევას არ იღებს. სამწუხაროდ, არ გვაქვს თვითშეგნება და განათლება იმ დონეზე, რომ ეს პრობლემა ვაღიაროთ. ხალხო, ეს პრობლემა მარტო ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს აწუხებს და არაფერია სასირცხვილო, თუ მასთან ბრძოლას დააპირებთ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: რა უნდა იცოდეთ იოდზე და როგორ დაიცვათ თავი რადიაციისგან - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
Anonymous-მა რუსულ არხებზე უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვა