Digest Logo

„მაგ ადგილს კარგად იცნობდა, მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში...“ - ზვავში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

1711779465
თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები რთული ხილვადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა მაშინვე განახლდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. მისი მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძებნის სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დიმიტრი გოგოლაძე ადგილობრივი ბიზნესმენი, ბაკურიანში ცნობილი "ამირანის პარკის" და სასტუმროს მფლობელია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მისი ახლობლები და მეგობრები ჰყვებიან, რომ იგი ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული და მრავალი წელი თხილამურებზე იდგა, ბოლო პერიოდში კი უპირატესობას თოვლმავლით სრიალს ანიჭებდა.

მათივე ცნობით, ის საბჭოთა სპორტის ოსტატის, ლიანა გოგოლაძის ძმისშვილია და მის მსგავსად, ოჯახის ყველა წევრი ამ სპორტს მისდევს.

„ბავშვობის მეგობრები ე.წ. ბურანებით ყარაყალის მთის მიმდებარედ წავიდნენ, მაგ ადგილს ყველა კარგად იცნობს, თვითონაც სპორტსმენია და მისი მეგობრებიც. რომელი ბაკურიანელი არ არის სპორტსმენი? წინა დღითაც იყვნენ წასულები. როგორც მე ვიცი, ეს უკან მოდიოდა და მთიდან წამოსულმა ზვავმა მოიყოლა", - ამბობს დიმიტრის ოჯახის ახლობელი მარინა ტაბატაძე.

ოჯახის ახლობელი და დიმიტრის მამის მეგობარი მალხაზ ლონდარიძე გვეუბნება, რომ მისი მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მთაში, ახლა ყველა წასულია მის მოსაძებნად.

„დიდი გეგმები ჰქონდა, 28 მარტს ბიჭის დაბადების დღე იყო, რომელიც სვანეთში ასპარეზობდა, შვილებისთვის სიურპრიზის მოწყობა უნდოდა. აქაურებმა ეს მთა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევი. ბაკურიანში ეს უკვე მეოთხე ადამიანია, ზვავმა რომ მოიყოლა. ტაბაწყურის გზაზეც იყო მსგავსი შემთხვევები", - გვიყვება მალხაზ ლონდარიძე.

დიმიტრი თოვლმავლების, ე.წ. ბურანების ტურში ხშირად დადიოდა, "შავ კლდესთან" იგი წინა დღესაც იყო. მისი მეგობარი, გიორგი ქეშეშევი ამბობს, რომ ახლა, განსაკუთრებით ზვავსაშიში პერიოდია, როცა მზე თოვლს ადნობს და სველი თოვლი "საშინელი ხმაურით" მოდის.

„წინა დღეებში თოვდა და ქარი იყო. იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ რაც დრო გადის, ეს იმედიც გვეწურება. ყოფილა შემთხვევები, რომ მესამე დღეს უნახავთ.

ბაკურიანი პატარა დასახლებაა, აქ ყველა ყველას მეგობარია, ამიტომ არის რომ ყველა, ვისაც ასაკი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ორი დღეა დადის მის მოსაძებნად ნიჩბებით", - ამბობს დიმიტრის მეგობარი გიორგი ქეშეშევი.

თოვლის მასაში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძის ძებნის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები. მაშველებთან ერთად დაკარგულს ეროვნული გვარდიის სპეციალური დანაყოფიც ეძებს.

ზვავში მოყოლილს სპეციალური დეტექტორებით ეძებენ, სამუშაოები სიფრთხილით მიმდინარეობს, რადგან მცირე გაუფრთხილებლობამ შესაძლებელია, თოვლის მასის ჩამოშლა ხელახლა გამოიწვიოს და მაშველებისა და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

„როგორ მოუვიდა? რატომ მოუვიდა? მაგ ადგილს კარგად იცნობდა. მთელი ბაკურიანი ჩართულია მის ძებნაში. კარგი კაცი, კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი...", - ამბობს მისი კიდევ ერთი მეგობარი ვახტანგ ზერეკიძე.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ ქუთათელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 როგორ იხსენებენ ნიკა კვეკვესკირს ზუგდიდის მეშვიდე სკოლის პედაგოგები - „რა საქმესაც მოჰკიდებდა ხელს, ბოლომდე აკეთებდა“

🎥 ნივთი, რომლის სახლიდან გატანაც თქვენს ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობებს დაალაგებს - ეზოტერიკოსის განმარტება

„მართალია, ყველას გვინდა, უფრო მეტს მივაღწიოთ ცხოვრებაში, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მადლობელი უნდა ვიყოთ“ - ელენე ფოჩხუა