Digest Logo

🎥 „მაიძულებდა გავშიშვლებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშობლებს მომიკლავდა“ - რას ჰყვებიან ბავშვები, რომლებსაც ინტიმური კადრები გაუვრცელეს და შემაშფოთებელი სტატისტიკა

1720979605
ინტერნეტძალადობა

მოტყუება, მუქარა, შანტაჟი და ინტიმური ფოტოების გავრცელება - ინტერნეტ მოძალადეების ხელწერა ერთია - ისინი არასრულწლოვანებს შიშველი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში გაგზავნას აიძულებენ, შემდეგ იწყება შანტაჟი.

ბოლო მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 331 ასეთ საქმეს სწავლობს, საიდანაც 84 შემთხვევაში დაზარალებული არასრულწლოვანია! მათ შორის არიან 12-13 წლის ბავშვებიც. ასეთი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, არაერთი მოზარდი აღმოჩნდეს.

„კურიერი P.S.“-მა მოიპოვა მსხვერპლი ბავშვების ჩვენებები, რომლებსაც საერთო ტრავმა აერთიანებთ - მათ პირადი ცხოვრების კადრები იძულებით გადააღებინეს და გაუვრცელეს. ამ არასრულწლოვანებთან ერთად, საქართველოში ინტერნეტ მოძალადის მსხვერპლი 100-მდე მოზარდია.

დანაშაულის ადგილი, ყველა შემთხვევაში, სოციალური ქსელია, სქემა კი, იდენტური - მოძალადე მამაკაცები პოტენციურ მსხვერპლს ჯერ გაცნობას, შემდეგ კი ვირტუალურ სამყაროში ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობენ. ამის შემდეგ იწყება მუქარა და შანტაჟი.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი არასრულწლოვანი დები გახდნენ. მშობლების მკვლელობის მუქარით, მოძალადემ 13 წლის გოგონას რამდენჯერმე აიძულა ვიდეოთვალთან გაშიშვლება. მან უკანონოდ გააკეთა ჩანაწერები და უკვე მოპოვებული კადრებით, მეორე დის შანტაჟი დაიწყო, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. მუქარა და შანტაჟი ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა დების გამბედაობა. მათ 19 წლის ინტერნეტ მოძალადე მამაკაცი ჯერ მშობლებთან ამხილეს, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

ამონარიდი არასრულწლოვანის ჩვენებიდან: ფეისბუკით გავიცანი. ერთ კვირაში მითხრა, რომ ვუყვარდი. მალევე აგრესიული გახდა და მემუქრებოდა, მაიძულებდა მის წინაშე გავშიშვლებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშობლებს მომიკლავდა. შემეშინდა და დავთანხმდი. ეს რამდენჯერმე გავაკეთე. შემდეგ გავწყვიტე კონტაქტი. ამის გამო, მან ვიდეოები ჩემს დას და მამინაცვალს გაუგზავნა. ჩემს დასაც დაემუქრა, თუ არ გაშიშვლდებოდა, ჩემს ვიდეოს ფეისბუკზე გამოდებდა. უარი მიიღო და შიშველი კადრები საჯაროდ გამივრცელა“.

მოძალადე დასავლეთ საქართველოში დააკავეს. ახლა ის მძიმე სასჯელის მოლოდინშია.

ბოლო პერიოდში, მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი კიდევ არაერთი მოზარდი გახდა. მათ შორის, 12 წლის ბავშვი, რომელსაც შიშველი კადრები სკოლაში გაუვრცელეს.

ამონარიდი არასრულწლოვანის ჩვენებიდან: ფეისბუკით გავიცანი ჩემი კლასელის შეყვარებული. ჯერ სექსუალურ თმებზე მელაპარაკებოდა, მალევე მომთხოვა შიშველი ფოტოები და ვიდეოები. ვენდე და გავუგზავნე, თუმცა წაშლის პირობით, მან კი ეს კადრები ჩემს კლასელებს გაუგზავნა. ერთ-ერთმა კლასელმა ვიდეო მასწავლებელს აჩვენა და მან დეიდაჩემს უთხრა. ამის შემდეგ მივედით საგამოძიებო სამსახურში“.

ალაპარაკებამდე მოზარდებმა სირცხვილის და შიშის გრძნობით, რთული გზა გაიარეს. გამოცდილებას გვიზიარებს 11 წლის ბავშვის დედა, რომელსაც ინტერნეტ ბულინგის შედეგების დასავიწყებლად რეაბილიტაციას შვილთან ერთად, ამ დრომდე გადის.

„ჩვენ 3 წელია ვებრძვით ამ ამბავს. გავიარეთ ძალიან დიდი გზა. დღემდე ვიბრძვით ამ ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ჩემმა შვილმა უარესი არ მოიმოქმედა თავის თავთან. ყველა დედას, ყველა მშობელს ვეტყვი, რომ არ დაიხიონ უკან და მიმართონ გამოძიებას“, - ამბობს 11 წლის ბავშვის დედა.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმისთვის, რომ შვილებს მსგავსი საფრთხე აარიდონ - რეკომენდაციები ბავშვთა ფსიქოლოგისგან.

„მთავარი, რასაც უნდა ვაკვირდებოდეთ, ყოველთვის არის ბავშვის ქცევა და სომატური სიმპტომატიკა. თუკი მოულოდნელად ხდება ისე, რომ ბავშვი წონაში ძალიან იკლებს, მისი გუნება-განწყობილება დაქვეითებულია, ურჩევნია მარტო ყოფნა, აღარ გადის თანატოლებთან, საქმე შეიძლება გვქონდეს ემოციურ ტკივილთან და მატრავმირებელი რაიმე მოვლენასთან. ყველაზე კარგი გამოსავალია, უკრიტიკო მიმღებლობა გვქონდეს ჩვენი შვილების, რომ მათ შეეძლოთ ნებისმიერ სირთულეზე ჩვენთან საუბარი. ჩვენს ცენტრში ამ პრობლემით მომართვიანობა, დღესდღეობით, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია. რეაბილიტაცია ხდება არტთერაპიული მეთოდით და გრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე“, - აცხადებს ფსიქოლოგი, „ლივინგ მუზეუმის“ წარმომადგენელი მერი გელაშვილი.

დამნაშავეებმა ან პოტენციურმა დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა მძიმე კატეგორიის დანაშაულია. მკაცრია სასჯელიც. 2022 წლიდან დღემდე, პასუხისგებაში მიცემულია 104 პირი. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გაუხსნელი და შანტაჟის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობაც ბევრად მეტია. მსგავს დანაშაულზე სახელმწიფოს მიდგომა მკაცრია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ნამდვილი გარდასახვა და ვოიაჟი თურქეთში - რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მასხულია

🎥 „გადამრიე“ - გურამ არუთინაშვილი ახალი კლიპით ბრუნდება

🎥 „წლის ბოლომდე იქნება სვანეთის ტრაგედია, ნგრევა, ქარიშხალი, რასაც პატარა სახე არ ექნება... მილიონობით ადამიანი დაიღუპება“ - გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება