
ყველასათვის საყვარელი, გამორჩეულად ხალასი და ნიჭიერი მომღერალი სალომე ბაკურაძე, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. დღეს წარსულ ნერვიულობასა და კონკურსანტობას სიამაყით იხსენებს და მიიჩნევს, რომ მისი ნიჭი და მონაცემები არსად დაუბლოკავთ და პირიქით, ამ ყველაფერმა სტიმული და გამოცდილება მისცა, უფრო მეტად წარმოეჩინა თავისი ნიჭი.
სალომე ბაკურაძე: პირველად დიდ, პროფესიულ სცენაზე 10 წლის ასაკში დავდექი, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მანამდე, ბაღისა და სკოლის ზეიმებზე გამოვდიოდი. ყურადღების ცენტრში სულ ვიყავი, როგორც ნიჭიერი ბავშვი და ოჯახის წევრებიც ხელს მიწყობდნენ. დედა ვოკალისტია, დაც არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის, მოკლედ, ოჯახს გენეტიკურად მოგვდგამს სასიმღერო ნიჭი. ჩემი და ხათუნა, ჩემზე რვა წლით უფროსია, აკომპანირებას მიწევდა და მე ვმღეროდი.
– სტუდიაში არ დადიოდი ან კერძო პედაგოგთან?
– სხვათა შორის, მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში, ქმრის გარდაცვალების მერე, ხმა საერთოდ წაერთვა. მოკლედ, ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა – მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები ასწავლიდნენ. იმ დროს ბევრი რამ არ ხდებოდა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა ბორჯომის „ბროლის ნაძვის“ ფესტივალი ტარდებოდა, სადაც მთელი საქართველოს ნიჭიერი ბავშვები ჩადიოდნენ. ვინც დღეს სცენაზე დგას, ყველა „ბროლის ნაძვის“ კონკურსანტი იყო. მაგალითად, ნეკა სებისკვერაძე, სტეფანე და ასე შემდეგ. მათ შორის, მეც. სხვათა შორის, სახლში ვიპოვე ბუკლეტი, სადაც ამ კონკურსის მაშინდელ ჟიურის წევრებს – ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ნუგზარ კვაშალს, ნუგზარ ერგემლიძეს ჩემთვის, როგორც ნიჭიერი პატარა მომღერლისთვის, სურვილები და ავტოგრაფები აქვთ დაწერილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ელადის ეკლესიის უხუცესი მღვდელმთავარი გარდაიცვალა
🔵„ნამეტანი მოჩათლახებული მეჩვენა“ - ვისზე წერს ნინო ნადირაძე
წყარო: tbiliselebi.ge