Digest Logo

„მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი არ მიატოვა... ოპერაციის შემდეგ, გული სამუდამოდ გაუჩერდა“ - ვინ იყო ზესტაფონელი ექიმი, რომელმაც პაციენტისთვის სიცოცხლე დათმო?

1770193369
როსტომ შველიძე

სახელგანთქმული ქირურგი როსტომ შველიძე, რომელიც ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, 2022 წლის 31 ოქტომბერს პაციენტის ოპერაციის დროს შეუძლოდ გახდა. როგორც ირკვევა ექიმმა 23 წლის დაჭრილი ახალგაზრდა გულის ინფარქტის მიუხედავად არ მიატოვა, ოპერაციის დასრულებისთანავე კი იგი გარდაიცვალა.

როსტომ შველიძეზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა, მას გმირსაც კი უწოდებდნენ. ამჯერად კი გთავაზობთ სტატიას, სადაც როსტომ შველიძის ახლობელი, მედიცინის მუშაკი ლამარა ნებიერიძე ჟურნალ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს და ექიმს იხსენებს:

- ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ ცუდად არის და მაინც გააგრძელოს მუშაობა?

ლამარა ნებიერიძე: ბევრს არ ეგონა, რომ ეს შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენმა დიდმა ადამიანმა და ექიმმა ეს დაგვიმტკიცა. ექიმიც არის და ექიმიც. ისინიც ხომ განსხვავდებიან იმით, რამდენად ღრმად იციან თავიანთი საქმე.

როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.

ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა.

იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია.

- მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი­ ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა

ლამარა ნებიერიძე:  ყველაფერს მიხვდებოდა, მაგრამ უმძიმეს ოპერაციაზე იყო და არჩია თავის თავზე აეღო მისი დასრულების პასუხისმგებლობა, რადგან მას ჰქონდა ბიჭის გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი, ხუმრობა ხომ არ არის 8-საათიანი უმძიმესი ოპერაცია.

ამას წინათ სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რომელიც ასევე ექიმია, წერდა, ყველაზე უცნაური ის არის, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ვამაყობ შენითო.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ მიეცა როსტომ შველიძეს ამქვეყნად ყოფნის ამდენად ცოტა დრო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი მისია უკვე აღასრულა, იმდენი გააკეთა და იმდენი სიყვარული წაიღო, ძალიან ბევრისთვის იქნებოდა საკმარისი. რაც მთავარია, ჩვენთვის ის გმირია, გმირად კი ამ ქვეყნიდან ძალიან ცოტა მიდის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჯანმრთელობა არის ბალანსი და ყოველდღიური ჩვევები...“ - რა უხარია თითოეულ ორგანოს: არუნ ხათრის რჩევები

⭕„სადაც მიდიხარ ყველგან ანათებ“ - თაკო ჩხეიძის მოგზაურობა პრაღაში გრძელდება

„მიიღებთ აღიარებას, ტაშს და შექებას... ხალხი თქვენს მხარესაა, ლიდერი ხართ“ - 4 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

წყარო: kvirispalitra.ge