ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ მაყურებელს სრულიად განსხვავებული, ექსპერიმენტული ფორმატის გადაცემა შესთავაზა. „იმედის“ გადამღები ჯგუფი კახეთში, სოფელ გავაში იმყოფებოდა, სადაც პოპულარული დები - ევა და ანამარია ბუთიაშვილები მოინახულეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში ვირუსული ვიდეოებითა და ფანდურით შესრულებული სიმღერებით მილიონობით ნახვა და საზოგადოების უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს. როგორც გოგოები იხსენებენ, პოპულარობა სრულიად მოულოდნელად, ჩვეულებრივი ყოველდღიური ვიდეოების ჩაწერით დაიწყო.
„პირველი ვიდეო რომ გადავიღეთ, მეგონა უბრალოდ ჩვეულებრივად ჩავიწერდით და ეგ იქნებოდა. მეორე დღეს კი გავარდა და გავარდა... შოკში ვიყავი, როცა გათენდა და გავიგე, რომ მილიონებს გადავცდით. ძალიან კარგ სოფელში ვცხოვრობთ, აქ ხალხი კეთილია. ჩემი დედა ფიქრია და მამა მირზა, ყველაფერს გვისრულებენ, რაც გვინდა. კეთილი მშობლები გვყავს მე და ევას. აქ, მოსავალი კარგია, ხილი, ბოსტნეული, ჰაერი სუფთაა და მიყვარს ჩემი სოფელი“, - ამბობს ანამარია ბუთიაშვილი.
გადაცემის ფარგლებში ნოე სულაბერიძემ პატარა გოგოებს საჩუქრები გადასცა, რის შემდეგაც ექსპერიმენტული ინტერვიუები შედგა - ნოეს შვილმა ანნამ და პატარა ევამ ერთმანეთს კითხვები დაუსვეს და საკუთარ ყოველდღიურობაზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გოგონების ვიდეოები ქვეყნის საზღვრებს გასცდა და პოპულარული თურქი მსახიობი დემეტ ოზდემირიც კი მათ მიმდევართა შორის აღმოჩნდა, რამაც გოგოების დიდი სიურპრიზი და სიხარული გამოიწვია.
პატარა მუსიკოსებმა ფანდურის თანხლებით ცნობილი სიმღერები და ლექსები შეასრულეს, ხოლო გადაცემის ფინალში სტუმრები და მასპინძლები ვენახში გადავიდნენ, სადაც პირველად მიიღეს მონაწილეობა ტრადიციულ რთველში.
გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი ანნას და ევას დიალოგს უკავშირდება. როდესაც გოგოებმა ერთმანეთი გაიცნეს და წარსულ ამბებზე ისაუბრეს, ანნამ მას მეგობრობა შესთავაზა:
„თბილისში ვინმე გყავს მეგობარი? - მე ვიქნები შენი თბილისელი მეგობარი, გინდა?“, - მიმართა ანნამ ევას, რაზედაც ევამ მიუგო - „კარგი, ჩაარტყი!“, და ბავშვური გულწრფელობითა და სიხარულით მეგობრობა გადახვევით დაუდასტურეს ერთმანეთს.