„ლივერპულის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, კლუბის ოფიციალურ ვიდეოპროექტში Backyard Dreams საკუთარ ბავშვობაზე, ოჯახზე, კუმირსა და საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე ისაუბრა.
გიორგიმ აღნიშნა, რომ მისი მთავარი შთაგონების წყარო გერმანელი ლეგენდარული მეკარე მანუელ ნოიერი იყო. მამარდაშვილი ბავშვობაში მუდმივად უყურებდა მის ვიდეოებს და ცდილობდა მისგან ესწავლა.
„ჩემი კუმირი მანუელ ნოიერი იყო. მის ვიდეოებს ყოველთვის ვუყურებდი. ბაბუაჩემიც ფეხბურთელი იყო, მამაჩემი კი მეკარე, თუმცა ისინი მხოლოდ საქართველოში თამაშობდნენ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
მამარდაშვილმა, ასევე, გამოარჩია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის. იმ პერიოდში ის მხოლოდ 10 წლის იყო, თუმცა შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი დღემდე ახსოვს - კერძოდ კი ესპანელი იკერ კასილიასის მიერ არიენ რობენის წინააღმდეგ შესრულებული ლეგენდარული სეივი.
ქართველმა მეკარემ მეკარეობის საწყის ეტაპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზაზე მამასთან ერთად მუშაობდა, რომელიც, ასევე, მეკარე იყო. მოგვიანებით მათ მწვრთნელთან დაიწყეს ვარჯიში, რომელიც საკმაოდ მკაცრი ყოფილა.
საუბრისას მამარდაშვილმა მეკარისთვის დამახასიათებელი რთული სავარჯიშოებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხშირად ნამდვილ წამებას ჰგავდა.
ქართველმა ფეხბურთელმა საუბარი მოტივაციური გზავნილით დაასრულა: „არაფერი მოდის მარტივად, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ, ბევრი ვიშრომოთ და ყველაფერი გამოვა“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: newshub.ge