საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე „თელავის“ ახალგაზრდა თავდამსხმელით გიორგი კვერნაძით იტალიური „ნაპოლი“ დაინტერესდა. „ახალი კვარა“ - ასე უწოდებს მას იტალიური მედია. სტატიას გამოცემა corrieredellosport.it ავრცელებს.
„ნაპოლიმ“ საქართველოში ტალანტი რომ აღმოაჩინა, პირველად Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ გაამხილა.
„არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი, რომელიც ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მის ვინაობას მალე შეიტყობთ“, – თქვა ძაკარდომ.
გიორგი კვერნაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონი 2021 წელს „საბურთალოში“ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკისთვის 2022 წელს იჯარით „თელავში“ კლუბის დირექტორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, სოსო გრიშიკაშვილის ინიციატივით გადავიდა.
გიორგიმ გასულ სეზონში „თელავის“ ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ახლა კვერნაძის დამატება ბათუმის „დინამოს“ სურს, „ნაპოლი“ კი 19 წლის ფლანგის შემტევს დააკვირდება. თუმცა, ჯერ ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია.
გიორგი კვერნაძე პოზიციით ფლანგის შემტევია. დაიბადა 2003 წლის 7 თებერვალს. ის ზუსტად „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას სიმაღლისაა – 183 სმ (წონა – 67 კგ). „საბურთალოს“ ფეხბურთელს უკვე შეარქვეს ახალი კვარაცხელია, რადგან მის პოზიციაზე თამაშობს და ხვიჩას მსგავსი სათამაშო სტილი გამოარჩევს.
გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერს 300 000 ევროდ აფასებს. 19 წლის ფეხბურთელი იყო 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (10 მატჩი, 1 გოლი), ამჟამად კი 21-წლამდელების წევრია (3 მატჩი).
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რამე კარგი გვითხარით რა. არ იწყებთ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს „ჩცდს“ მსახიობი
წყარო: 1tv.ge