„მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არა არსებობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი, ასევე, აცხადებს, რომ პატიმარმა სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.
მისი თქმით, ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა მიუღებელია.
ამასთან, ბრეგაძე ამბობს, რომ პანიკა მისმა მომხრეებმა ხელოვნურად შექმნეს.
„მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არა არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში სადაც იმყოფება მსჯავრდადებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.
როდესაც ის შიმშილობდა, პენიტენციური მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ, შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზედაც მან უარი განაცხადა. იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისათვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.