
მომღერალი მალიბუ უკვე სამი წელია, რაც ამერიკაში წავიდა, ნიუ-იორკში ცხოვრობს და კარიერის აწყობა იქ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ნამდვილად არ ყოფილა ეს გზა ადვილი გასავლელი, უამრავი წინაღობისა და ბარიერის გადალახვა მოუწია, თუმცა, მიზნისკენ სვლა არ შეუჩერებია და უცხო ქვეყანაში პირველ წარმატებასაც მიაღწია.
მალიბუ: რთული იყო იმ წერტილამდე მისვლა, სადაც ახლა ვარ. სამი წელია, რაც ამერიკაში ვარ და დრომ სწრაფად გაირბინა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს სამი წელი რთული იყო, მაგრამ ჩემთვის ღირდა ამ გზის გავლა. როცა ადამიანი ემიგრაციის გზას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ეს არ იქნება ადვილი, დიდი გარდასახვა და წინაღობა გექნება და ამისთვის მზად უნდა იყო. მოკლედ, ამერიკა მომიხდა, მაგრამ აქამდე მოსვლა არ იყო მარტივი.
– შეცვლილი გაქვს იმიჯი და საკმაოდ ბევრი კილოგრამი – დაკლებული. ამისთვის ბევრი მუშაობა და ძალისხმევა დაგჭირდა?
– ახლა როგორი ვიზუალიც მაქვს, დიდი ხანია, ასეთზე ვოცნებობდი. ახლა რომ პატარა მალიბუმ დამინახოს, იტყვის: ვაუ! ვერ წარმოიდგენდა. ამერიკაში რომ ჩამოვედი, არასწორი კვების რეჟიმის გამო წონაში მოვიმატე. ერთ დღესაც, გავიღვიძე, საკუთარ თავს ვუთხარი: მოდი, ეს ყველაფერი შევცვალოთ და მარტივად გადავწყვიტე, კვება შემეზღუდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მივირთმევდი ცოტას და ვაკონტროლებდი საათებს, 18 საათი არ ვიღებდი საკვებს. საკმაოდ ბევრი დავიკელი, დაახლოებით, 24 კილო. მინდოდა, ჩემი სხეულის ნაწილებისა და ქალურობის გამოკვეთა და ამაში პილატესი დამეხმარა. ერთი წელია, პილატესზე დავდივარ, ჩემი ცხოვრების წესი გახდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი, მის გარეშე აღარ შემიძლია და პარალელურად, კვებასაც ვაკონტროლებ. სხეულზე ლამაზი ტატუები მაქვს და ჩემი ოცნება იყო მცმოდა ჯინსის შარვალი, ტოპი და მუცელი გამომეჩინა. კომპლექსიანი არ ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ მომწონს და არაესთეტიკურია. ახლა ამის პრობლემა არ მაქვს და ყველაფერთან ერთად, ეს ოცნებაც ავიხდინე - შემიძლია, ჩავიცვა ის, რაც მომწონს და ვიყო ის, ვინც მინდა. რომ მეუბნებიან, იღბლიანი ხარო, მეცინება. არ ვარ იღბლიანი. იღბლიანი რომ ვყოფილიყავი, არ მომიწევდა იმ გზის გავლა, რაც გავიარე. იღბლიანი – არა, უბრალოდ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს სათავისოდ ირგებს. ის რთული პერიოდი რომ იყო, წამით არ მიფიქრია, რატომ ხდება ასე-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, იმიტომ მემართებოდა, რომ ეს იყო გზა აქამდე მოსასვლელად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - მომღერალი მილანში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
წყარო: tbiliselebi.ge