„25 სანტიმეტრი“, ლექსების კორიანტელი, პერსონაჟი - გურამ ჯინორია, ალბათ, გივი სიხარულიძე გაგახსენდათ. დიახ, დღეს მის უცნობ სკანდალებზე გიამბობთ.
იცოდით, რომ მსახიობი ამერიკაში თაღლითობდა? ან ის იცოდით ხელი ფიქციურად მეძავთან რომ მოაწერა და არაოფიციალური მინი-ბორდელი გახსნა?
ამის შესახებ თავად, გივი სიხარულიძე ჟურნალისტებთან საუბრობს.
ფიქციური ხელის მოწერა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან
„ერთხელ, რესტორანში, მშვენიერი გარეგნობის „უტანკამ“ თავისთან შემომთავაზა ღამის გატარება. მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. ნასიამოვნები ავდექი. მძინარეს ბალიშქვეშ ფული ამოვუდე და ის იყო, გარეთ უნდა გამოვსულიყავი, რომ მისი ხმა მომესმა:
„წაიღე ფული, შენ ფულისთვის არ წამომიყვანიხარ, უბრალოდ, შენი „ხოში“ მქონდა და დავიკმაყოფილე. თუ შენც გესიამოვნა ჩემთან ყოფნა, შეგიძლია, მოხვიდე ხოლმეო”. მადლობა გადავუხადე.
რა თქმა უნდა, ფული არ ავიღე, მაგრამ, ვუთხარი: ბედნიერებაა შენნაირ ქალთან მეგობრობა -მეთქი.
იმ დღიდან, თითქმის დღე არ გამომიტოვებია, რომ ღამე მასთან არ გამეტარებინა.
ერთხელ ვუთხარი:
დაანებე თავი „პუტანკობას“ და შენ რჩენას მე ავიღებ ჩემს თავზე -მეთქი. მან სერიოზულად მიპასუხა: იმ პროფესიას, რომელმაც რუსეთის მიყრუებული სოფლიდან მოსკოვში ჩამომიყვანა, ფული მაშოვნინა და ახლა ბარონესასავით ვცხოვრობ, დიდ პატივს ვცემ და თავს ვერ დავანებებ. თანაც, არავის კმაყოფაზე ყოფნა არ მინდა, – მერე ცოტა შეყოვნდა და დაამატა: კარგად იცი, დედით ებრაელი ვარ და ამერიკაში ვაპირებ წასვლას ემიგრაციაში, თუ გინდა, ფიქციურად მოვაწეროთ ხელი და თან წაგიყვანო. მინდა-მეთქი.
სწორედ ამ დროს გადაწყდა ჩემი ამერიკაში გადასვლა. მართლაც, რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ... მე ცოტას ვნერვიულობდი – ვაითუ, არ გამიშვან, ნასამართლევი რომ ვარ-მეთქი, მაგრამ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ებრაელმა დამაწყნარა – შენნაირ ხალხს უფრო უშვებენ, ნაციხარი და „პრისტუპნიკი“ აქ ვის რაში სჭირდებიო...
მართლაც, მივიღე წასვლის უფლება. ერთი დღით ჩამოვფრინდი თბილისში, მშობლებს კაი დიდი თანხა დავუტოვე და თან, დავაწყნარე:
იცოდეთ, ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ-მეთქი. დედაჩემმა მწუხარე ხმით მითხრა:
ჩვენი ჩიტის რძე ის იქნება, შენ რომ ბედნიერი იქნებიო. მეორე დღეს მოსკოვში ჩავფრინდი და იმავე დღეს უკვე შერემეტიევოს აეროპორტში ვიყავით...
ამერიკაში ცხოვრება
თავბედს ვიწყევლიდი ამერიკაში ჩამოსვლის გამო. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. მე, ოქსანამ და დედამისმა ბიზნესი წამოვიწყეთ და ცოტა დავწყნარდი...
ოფისი ბრუკლინის რაიონში, ორსართულიან სახლში გავხსენით. შესასვლელ კართან, სხვადასხვა ზომის ფოტოებით დამშვენებულ კედელთან მიდგმულ მაგიდასთან ოქსანას დედა იჯდა, წინ პროფესიონალური ფოტოაპარატი ედო, რომლითაც მსურველებს სხვადასხვა ზომის სურათებს უღებდა.
კარიდან ხელმარჯვნივ, ტყავის მოდურ სავარძელში, ელეგანტურად გამოწყობილი, მე ვიჯექი. მეორე ოთახში ორი პლაკატი იყო გაკრული: ერთზე წელს ზემოთ შიშველი კულტურისტის პოზაში გამოსახული ვიყავი, მეორეზე – მონაზვნის სამოსში, უცოდველი სახით მომზირალი, მკერდმოშიშვლებული ოქსანა იყო.
პლაკატის ქვემოთ ეწერა: „ბერი მენია, გოლუბჩიკ”...
ერთი სიტყვით, ორი ადამიანის არაოფიციალური მინი-ბორდელი შევქმენით...
უნდა გენახათ ჩემი და ოქსანას შეწყვილების დროს რა ენთუზიაზმითა და გატაცებით გვიღებდა სურათებს ოქსანას დედა.
მეორე დღისათვის ოცდაათ სახეობაში ჰქონდა გამზადებული ჩემი შიშველი ფოტოები. როცა ვკითხე, ამდენი ფოტო რად გინდოდა-მეთქი, იორნიულად შემომხედა და მითხრა:
ჩვენ ბევრი დავკარგეთ, რომ ადრე არ გადავიღეთ ასეთი ფოტოებიო. ამის შემდეგ თვითონ შევთავაზებ შენგან ნასიამოვნებ კლიენტებს ფოტოებს, ვატყობ, კაი ბიზნესი გამოგვივაო.
ერთი სიტყვით, საქმე კარგად მიგვდიოდა. ასე გავდიოდით ფონს და კაი „მაყუთიც“ გვქონდა სეიფში გადამალული.
ოქსანას, ერთი რუსის ემიგრანტი – ორმეტრიანი ჟვერი შემოეჩვია, რომელიც კაი მაყუთს იხდიდა. თავიდან მიხაროდა კაი კლიენტი, მაგრამ, მერე მაგრად გამიტყდა. ვატყობდი, რომ სულ სხვა ხასიათი მიიღო მათმა ურთიერთობამ.
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი წინათგრძნობა:
ერთ მშვენიერ დღეს, ოქსანამ მთელი მაყუთი „ასწია” სეიფიდან და მასთან ერთად ისე გაუჩინარდა, რომ თავისი დამპალი დედა შემომტენა. ოქსანას დედამ რომ დამინახა, რა დღეშიც ჩავვარდი, თანაგრძნობით ხელი ხელზე დამადო და მითხრა:
მოდი ჩვენ გავაგრძელოთ ისევ მუშაობაო. რა მექნა, დავთანხმდი – ის ფოტოებს იღებდა, მე კი ჩემს საქმეს ვსაქმიანობდი...
სულების გამოძახება და თაღლითობა
ოქსანას ნაცვლად ახლად ჩამოსული ერთი რუსი გოგო ავიყვანე და მოჭრით ვუხდიდი მაყუთს. ეს გოგო რაღაც მაგიურ ძალას ფლობდა. გვერდზე მოვისვი და პროფილის შეცვლა შევთავაზე:
თუ საქმე კარგად წავა, კაი მაყუთს გაშოვნინებ-მეთქი. კი ბატონოო, – დამთანხმდა, მაგრამ, თან დააყოლა – ჩემს ხელობასაც გავაგრძელებო. ეგრე იყოს-მეთქი და ხელი ხელზე დავურტყი.
მეორე დღიდან დავიწყეთ სულების გამოძახება რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან და მათ აქაურ ნათესავებთან გასაუბრება...
ერთხელ, ერთი ძალიან ლამაზი, არისტოკრატული შესახედაობის ქალბატონი გვესტუმრა. შმაგი თქვენ ხართო? (შმაგი – გივი სიხარულიძე) – მკითხა. დიახ, ქალბატონო-მეთქი. თუ შეიძლება, ცალკე დაგელაპარაკებითო. მეორე ოთახში გავედით... მისტერ შმაგი, თქვენს საქმიანობას უკვე ოთხი წელია, ვაკვირდები...
თუ დროზე არ შეეშვებით ამ საქმიანობას, დღეს თუ ხვალ, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ, თაღლითობის მუხლით წახვალთ ციხეში.
ამიტომ, გთავაზობთ პროფილის შეცვლას და პარტნიორობას, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნებაო.
კი მაგრამ, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ამას თანხმობის შემდეგ გაიგებთო. დავუშვათ თანახმა ვარ-მეთქი, ვუთხარი. აქ დავუშვათ თუ არ დავუშვათ, არ ივარგებს, პირდაპირ მითხარით თანახმა ხართ თუ არა? ვუპასუხე – თანახმა ვარ-მეთქი.
მან თავისი პორტფელი გახსნა, იქიდან ჩეკების წიგნი ამოიღო, ხელი მოაწერა, მერე მოახია, მომაწოდა და მითხრა: ამ ჩეკით მიხვალ მანჰეტენზე, ამა და ამ მაღაზიაში, დანარჩენი იმათ იციან. მე ხვალ დაგირეკავ და შეგხვდებიო. როცა წავიდა, პირველი, რაც გავაკეთე, ჩეკს ვეცი! როცა რიცხვს დავხედე, რომელზედაც 50 000 დოლარი ეწერა, მივხვდი, რა დონის „ვარაბეისთან” მქონდა საქმე.
მითითებული მაღაზიის კარზე ლამაზად ჩამოკიდებულ ძველებურ ზარს ჩამოვკარი. იმ წუთს გაიღო კარი. კართან სმოკინგში გამოწყობილი კაცი დამხვდა. მობრძანდითო, – მითხრა. როგორც კი ვუთხარი, ვისი გამოგზავნილიც ვიყავი, წინ მოწიწებით წამიძღვა და ვიღაც არისტოკრატიული გარეგნობის ქალს გადააბარა ჩემი თავი ამ სიტყვებით: „მადამ იამურის რეკომენდაციით არისო”.
ქალმა მკითხა:
– თქვენ მისტერ შმაგი ბრძანდებით?
– დიახ, მადამ.
– დაბრძანდითო, – თქვა და თვითონ მაღაზიის ძველებური კიბით სადღაც გაუჩინარდა. ბოდიში მომიხადა დაგვიანებისათვის. დაიწყეს, მაგრამ, რა დაიწყეს! მე არავინ არაფერს მეკითხებოდა, ისე არჩევდნენ ჩემთვის პიჯაკებს...
როცა უამრავი რამ შემირჩიეს და მომაზომეს, მადლობა გადამიხადეს, ყავაზე დამპატიჟეს, მისამართი გამომართვეს და მითხრეს:
საღამოს სახლში მოგართმევთ ყველაფერსო. მერე ჩეკი გაატარეს სალაროში და უკან დამიბრუნეს. 30 000-ის ტანსაცმელი აურჩევიათ ამ შობელძაღლებს!..
მეორე დღეს მან დამირეკა. შეხვედრაზე შევთანხმდით...
დინჯად, აუღელვებლად მომიყვა, რა უნდა გვეკეთებინა და სად. როცა გავიგე, რომ ლოს-ანჯელესში გადავიდოდი საცხოვრებლად, ტანში გამცრა. შენს პარტნიორს რას უზამო? – მკითხა. გამოვემშვიდობები და მორჩა-მეთქი.
– არა, ასე პარტნიორებს არ ექცევიან. ოფისის გირაოს ფული მთელი წლით გადახდილი გაქვთ?
– არა, მხოლოდ სამი თვის.
– ჰოდა, გამომშვიდობებისას უთხარი, რომ მთელი წლის ფული შენ გადაუხადე. რისთვის, რატომ, მე მაგასთან ვალში არა ვარ, პირიქით, მაგისმა ნაძირალა შვილმა გადამაგდო და დაითესა.
მან კი დინჯად მიპასუხა:
– დამიჯერე, რასაც გეუბნები. შენი მდგომარეობის კაცს ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი აღარ ეკადრებაო. თავიდან ვიფიქრე, რა მდგომარეობა, რის მდგომარეობა, ხომ არ გააფრინა-მეთქი, მაგრამ, მივხვდი, რომ სწორს მეუბნებოდა. ისე მოვიქეცი, როგორც მითხრა...
ის ღამე, ისე, რომ, არც მას შემოუთავაზებია და არც მე მითქვამს რამე, ლოგინშიც ერთად გავატარეთ. მაგარი ქალი იყო. იშვიათად მინახავს ასეთი ზომიერი და თან, თავაწყვეტილი ქალი... დილას, როცა მოსამსახურემ საუზმეზე მიგვიწვია, მოკრძალებით შემაპარა:
ხომ არ გეწყინება, ერთი თვით მასწავლებელი რომ აგიყვანო ესთეტიკის დარგშიო. კი ბატონო-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი თვე ვიარე მასწავლებელთან:
ისეთი მანერები ამეთვისებინა, ხანდახან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ მთელი კაცობრიობა ბლეფზე იყო აგებული...
ერთ მშვენიერ დღეს, საუზმეზე, თვალი თვალში გამიყარა და მთელი სერიოზულობით მითხრა: ჩემო შმაგი, დადგა დრო, რომ საქმეს შევუდგეთო. ბატონი ბრძანდებით-მეთქი.
და დაიწყო: პირველი – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, „ფართებზე”, გეკრძალება დიდი ყურადღების გამოჩენა ახალგაზრდა ქალების მიმართ...
შენი მოვალეობაა უდიდესი მოკრძალება, სიყვარული და ყურადღება მიაგო მხოლოდ ხანში შესულ ქალბატონებს, კერძოდ, ვისზე უნდა იმუშაო, თვითონ გეტყვი, სანამ „ფართიზე“ გამოვჩნდებით.
იმ საზოგადოებაში, სადაც ვტრიალებთ, თითქმის ყველაზე გექნება მოკლე ინფორმაცია, ხოლო, იმ კლიენტზე, რომელზედაც იმ დღეს იმუშავებ – თითქმის სრული ინფორმაცია. დანარჩენი შენზეა. იცოდე, ებრაელებს თორაში უწერიათ:
„სიმართლე არის ის, რაც ადამიანს ბედნიერს გახდის და არა ის, რაც გააუბედურებს”.
ქალებს ძალიან უყვართ ლამაზად შეთხზული ტყუილები... ზეციური უნდა გახდეს მხოლოდ ის, ვისზეც ვმუშაობთ. საზოგადოებაში დაიწყება ქილიკობა შენ წინააღმდეგ – როცა კაცი განურჩევლად ყველას აქებს, იმისი არაფერი დაიჯერებაო და, აი, სწორედ მაგ დროს ჩავერთვები და ახალგაზრდა ქალებს, ზედაც რომ არ უყურებ და ყურადღებას არ აქცევ, იმათ გამოვიყენებ... ვიცი მაგათ როგორც უნდა მოვექცე, ასე რომ, იმოქმედე თავისუფლად და დამაჯერებლადო.
კარგად მახსოვს ის საღამო, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია. ერთ-ერთ ფართიზე იამურმა, რომელსაც საზოგადოებაში შემოკლებით „მურს” ეძახდნენ, ასე, დაახლოებით 67 წლის თურქი ქალბატონი გამაცნო:
ქალბატონი აიშე მსოფლიოში ცნობილი მაგნატის ქვრივია, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში არჩია ცხოვრება თავის ერთადერთ ქალიშვილთან.
ქალიშვილი კი არაბეთის ემიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა შეიხის მეუღლეა... ცეკვის დროს ისე მომეკრა, ვიფიქრე, სახალხოდ გაუპატიურებას ხომ არ მიპირებს-მეთქი. საღამოს დამთავრების შემდეგ თავის ვილაში დამპატიჟა და იქ მოხდა მოსახდენი!
მეორე დღეს პირდაპირ ლოგინში შემომთავაზა:
ჩემი გემით, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე, „ბუხტაში” დგას, ორი კვირით სამოგზაუროდ წავიდეთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ესე იგი, ხვალ თვითმფრინავს ვამზადებ. ჩემს მშვენიერ ქალბატონს გამოვემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. ის-ის იყო, ტელევიზორი უნდა ჩამერთო, რომ ტელეფონის ზარი აწკრიალდა და ყურმილში გაისხმა მურის ხმა:
– მისტერ შმაგი, კმაყოფილი ხარ გუშინდელი პარტნიორით?
– ძალიან, მაგრამ, შენნაირი ამ პლანეტაზე არ არსებობს!
– გმადლობთ, – მითხრა და თან დასძინა: ვატყობ, არჩევანში არ შევცდი – შენგან პროფესიონალი თაღლითი დადგება. იახტით გასეირნება არ შემოგთავაზა?
– როგორ არა, შენთან ვაპირებდი დარეკვას. ხვალ დილას მივფრინავთ საბერძნეთში.
– ყოჩაღ! ესე იგი, მაგრად მოეწონე. ნახევარ საათში შენთან ვიქნები და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ...
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ბოლოს რას ვიმკით?
– კარგად იცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მაქვს, რომელსაც „ლოს-ანჯელესის ბავშვთა ფონდი” ჰქვია. ეს ფონდი ეხმარება გაჭირვებულ ბავშვებს ანგოლაში, კენიაში და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარია, შენ თავი ისე შეაყვარო, რომ უშენოდ წუთნახევარიც ვერ გაძლოს. დანარჩენი, რომ ჩამოხვალ, მე ვიცი.
მეორე დღეს მისი საკუთარი ლაინერით გავფრინდით. ორი კვირა ისეთ განცხრომაში ვიყავი, თავი სულთანზე ნაკლები არ მეგონა...
როცა ლოს-ანჯელესში დავბრუნდით, ისეთი ლამაზი საჩუქარი დამხვდა – ლამის კაპოტზე ვეამბორე.
გამომცდელად შემომხედა და მითხრა, იმედია, საჩუქარს არ მიწუნებო. მერე საბარგული ახადა, რომელშიც პატარა ზომის კეისი იდო. გახსენიო. თავი დავიოკე და აუჩქარებლად გავხსენი. ვხედავ, 100-დოლარიანებით არის სავსე! შენიაო, – მითხრა.
ჩემი ახალი მანქანით მივიყვანე სახლში. სარკეში შევნიშნე, რომ უკან დაცვის რამდენიმე მანქანა მოგვდევდა... რამდენი ქალის ნექტარით დავმტკბარვარ, მაგრამ, იამური სულ სხვა იყო!
როცა ვემშვიდობებოდი, „მერსედესისა” და დოლარების ამბავი მოვუყევი და ვუთხარი, – ფული ძმაკაცურად გავიყოთ-მეთქი. არაო, – მითხრა, – პირიქით, ამ დღეებში ჩემგან მიიღებ გასამრჯელოს კარგად ჩატარებული ოპერაციისთვის, ხოლო ეგ ფული, ჩათვალე, რომ შენი ჰონორარიაო.
მადლობა მოვახსენე და შინ ბედნიერი დავბრუნდი. მთელი ღამე, სანამ ჩამეძინა, იმაზე ვფიქრობდი, თუ რაში იყო მისი ბიზნესის საიდუმლოება, მაგრამ, უკვე ღრმად მქონდა სისხლში გამჯდარი ერთი კანონი: რასაც არ გეუბნებიან, ნუ ცდილობ იმის გაგებას!..
ერთი თვე გაგრძელდა ჩემი და აიშეს რომანი. როგორც ამ სტილის ქალებს სჩვევიათ, ალბათ, გატაცებამ გაუარა...
და, სწორედ მაშინ გამომიცხადა, რომ ძალიან ვუყვარვარ, წარმოუდგენლად ბედნიერია ჩემთან, მაგრამ, საქმეები მოითხოვს, რომ რამდენიმე თვით თურქეთში დაბრუნდეს...
აეროპორტიდან პირდაპირ ბანკში გავქანდი. აქ „სიკვდილას“, ოჯახსა და ჩემი უბნელების სახელზე ფული გადავრიცხე საქართველოში...
საქართველოში დაბრუნება ისე მომინდა, ლამის ცუდად გავხდი. ისეთ ხასიათზე დავდექი, ტელეფონის ზარის ხმა რომ არა, ალბათ, თავს მოვიკლავდი.
– ალო, შენ ხარ, იამურ?
– ჰო, მე ვარ. შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე?
– რა თქმა უნდა!
– მაშინ წამოდი... დროა, ცოლ-შვილზე იფიქრო, მაგრამ, მაშინ, ამ პროფესიას უნდა შეეშვა.
– არა, არა, ამერიკაში მე ცოლის მომყვანი არა ვარ. თუ ოდესმე დავბრუნდები ჩემს საქართველოში, მერე აუცილებლად შევირთავ ცოლს.
– მართალი ხარ, – მითხრა, – აქ კაცის გათხოვება უფრო შეიძლება, ვიდრე ცოლის მოყვანა.
– ეჰ, – ვუთხარი, – შენ რომ ბავშვის გაჩენა შეგეძლოს, მაშინ ვეზიარებოდი კაცად-მეთქი... ჩაეღიმა და მითხრა:
– რა სასიამოვნოა, როცა მეგობარი მეგობრის დარდს კი არ იზიარებს, არამედ, მის დარდში ყურებამდე ეფლობა. გმადლობთ ამისთვის...
ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი ამბავი შევიტყვე: იამური თავის სახლში იპოვეს ყელგამოჭრილი! ფეხები ერთბაშად მომეკვეთა...
ისე ვიყავი მის კალთას მიჯაჭვული, ვერც კი წარმომედგინა უიმისოდ ცხოვრება... ერთ მშვენიერ დღეს, იამურის პირადი ადვოკატი გამომეცხადა, რომელმაც მის მიერ დატოვებული წერილი გადმომცა და მთხოვა, იამურის დატოვებულ ანდერძზე ხელი მომეწერა...
ანდერძში ჩავიხედე: საწყალს, ლოს-ანჯელესის სახლი, მთელი თავისი ატრიბუტებით, ჩემთვის დაეტოვებინა. არც გამკვირვებია – თითქოს ველოდი კიდეც ამ ამბავს...“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მატარელების ქურდი“, ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე - უცნობი ამბები გივი სიხარულიძის შესახებ