Digest Logo

მოძღვარი გურამ ოთხოზორია: „აბორტის დაგმობა საკმარისი არ არის - ქალს გამოსავალი უნდა შევთავაზოთ“

1786013587
გურამ ოთხოზორია

მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის სტუმარი, მოძღვარი გურამ ოთხოზორია იყო, რომელმაც აბორტის თემაზე განაცხადა, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ დაგმობით შეუძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია განათლება, პრევენცია და სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი მხარდაჭერის სისტემის შექმნა.

მისი შეფასებით, დღეს საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი პიროვნებაზე ზრუნვა უნდა იყოს.

„დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს პიროვნება. კულტურას და განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წარსულში აბორტის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იყო და ბევრი ქალი გადაწყვეტილებას შესაბამისი ინფორმაციისა და ცნობიერების გარეშე იღებდა. ეს ადამიანები ბოროტები არ იყვნენ. კულტურა ასეთი იყო. განათლება არ არსებობდა და ეს ნორმად მიაჩნდათ. ჩვენ ის კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ მხოლოდ ვთქვათ – არ გაიკეთო აბორტი. უნდა ვიკითხოთ, რა მიჰყავს ქალი აქამდე“, - აღნიშნა მოძღვარმა.

გურამ ოთხოზორიას შეფასებით, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს სიღარიბე, სოციალური პრობლემები, სტიგმა და მხარდაჭერის ნაკლებობა თამაშობს.

როგორც ის ამბობს, ეკლესია და სახელმწიფო ერთობლივად უნდა მუშაობდნენ ისეთი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც ქალებს კრიზისულ მდგომარეობაში რეალურ დახმარებას შესთავაზებს.

„ქრისტე შედეგს კი არ ებრძოდა, მიზეზს ებრძოდა. ჩვენც ტრაგედიის მიზეზები უნდა შევამციროთ. როდესაც მოვიკითხე, რას აკეთებს სახელმწიფო მარტოხელა დედისთვის, აღმოჩნდა, რომ თითქმის არაფერს. საჭიროა სპეციალური სახელმწიფო ან საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს ფინანსურად და სოციალური სერვისებით დაეხმარება. ინსტიტუცია უნდა არსებობდეს. თუ ქალს ბავშვი გაუჩნდა და რესურსი არ აქვს, უნდა იცოდეს, რომ ვიღაც გვერდში დაუდგება. აბორტი დიახ, ცოდვაა. მაგრამ შემდეგ რა ვუყოთ ამ ადამიანს? ქრისტემ ცოდვილი შეიყვარა. ჩვენც გამოსავალი უნდა შევთავაზოთ და არა მხოლოდ განაჩენი“,- აღნიშნა გურამ ოთხოზორიამ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: