Digest Logo

🎥 მოგზაურობა ბავშვობაში: „გვანცას პოდკასტის“ ახალი სეზონის პირველი გადაცემა თიანეთს და გვანცა დარასელიას საოჯახო ისტორიებს ეძღვნება

1788513272
გვანცა დარასელია

„გვანცას პოდკასტმა“ ახალი სეზონის ათვლა ავტორისა და წამყვანის, გვანცა დარასელიასთვის ყველაზე მშობლიური კუთხიდან - თიანეთიდან დაიწყო. ეპიზოდი მთლიანად გაჟღენთილია ბავშვობის ემოციური მოგონებებით, საოჯახო ტრადიციებითა და ფშავური სამზარეულოს ავთენტიკური გემოებით.

ვიდეოში წამყვანი მაყურებელს საკუთარ ბავშვობის სახლში მასპინძლობს და ეზოსა თუ ოთახებში შემორჩენილ ისტორიებს უზიარებს:

„ახალ სეზონს ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილას - თიანეთში, ბავშვობის მოგონებებში, თბილ შეხვედრებსა და ნამდვილ თიანურ ხინკალთან ერთად ვიწყებთ! აქ ყველაფერი ბებიაჩემის და პაპაჩემის დარგული და გაკეთებულია: ვარდები, თხილის ხე, რომლის ქვეშაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული და ვაშლის ხე - ჩემი ნავსაყუდელი, სადაც გაბუტული ამოვდიოდი ხოლმე. მახსოვს, 90-იანების გაჭირვების წლებში მეზობლისთვის დასაბრუნებელი ფული რომ დამეკარგა, ამ ხეზე ამოვედი და ნახევარი დღე ვტიროდი. ამ სახლში თითოეულ კუთხეს თავისი ისტორია აქვს: ოთახს, სადაც მეფუტკრე პაპას მოტანილი თაფლის წვეთები ჭერზე რჩებოდა; შუშაბანდს და იმ ძველ რადიოს, სადაც 9 საათზე ზღაპრებსა და „იავნანას“ ვიჭერდით; დედაჩემის გადანახულ ჩემს პირველ პუბლიკაციებს ჟურნალ „დროშაში“ და ბავშვობაში გახსნილ შემნახველ წიგნაკს. აქ, ფშავლების ოჯახში, ხინკლის გაკეთებაც თავისებური რიტუალია - ცომის გაბრტყელებითა და ნამდვილი ფშავური გულსართით, რომელსაც მხოლოდ მარილი და წიწაკა აქვს. მერე კი არის სოფელ ჟებოტაში დეიდასთან სტუმრობა, კვალში დაკრეფილი კიტრი, მდინარე ივრის პირას წყალში გაცივებული საზამთროს ჭამა და ჩემი საბავშვო ბაღი, სადაც ზამთარში რეიტუზებით გვძინავდა და სადაც ერთ დღესაც კარზე კაკუნის შემდეგ მამაჩემი შემოვიდა ჩემს წასაყვანად - დღე, როდესაც უბედნიერესი ვიყავი“,- ამბობს გვანცა დარასელია.