„მთავარი არხი“ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.
2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში
ცნობისთვის, ლაშა ნაკაიძის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მიმდინარეობს.