Digest Logo

„მთლიანად ვიცვლი სახეს, ახალი ლოლიკო დაიბადება...“ - როგორ ხვდება ლოლა წერეთელი ასაკის მატებას

1758641396
ლოლა წერეთელი

ლოლა წერეთლის წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებული გამოვიდა. მისმა მეგობრებმა მომღერალი არაერთი სიურპრიზით გაახარეს. ამ ყველაფერზე ლოლა თავად მოგვიყვება. 

ლოლა წერეთელი: დაბადების დღე ეს დღე რესტორანში, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად აღვნიშნე. დაახლოებით, 40 მარტო ჩემი მეგობარი იყო და 450 მოსული სტუმარი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენი ადამიანი გილოცავს შენს დღეს და შენს სიხარულს იზიარებენ. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ამ ადამაიანებს გულწრფელად უყვარხარ და შენი მოსმენა სიამოვნებთ.

რამდენიმე მეგობარმა ამ დღეს საოცარი სიურპრიზი გამიკეთა. ჩემს ახლობელს პატარა შვილიშვილი ჰყავს, რომელზედაც ვგიჟდები. ძალიან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე მისი ჩამოყვანა. ბინაც კი გავამზადე ამისთვის. მინდოდა, ბავშვი დედიკოსთან ერთად ჩამომეყვანა, მაგრამ თითქოს, რაღაც ვერ გამოვიდა. თურმე, ესენი 3-4 დღით ადრე ჩამოსულან ქობულეთში, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი. 12 საათი რომ შესრულდა და 11 აგვისტო, ანუ, ჩემი დაბადების დღე, დადგა, ეს პატარა არ შემოვიდა პატარა ტორტით?! უნდა გენახათ, როგორ გამიხარდა, გიჟივით ვყვიროდი (იცინის). მის დანახვაზე მეტად არაფერი გამახარებდა და თან, ასეთი სიურპრიზი როგორია?! ძალიან გამაბედნიერეს.

კიდევ ერთი ძალიან კარგი ახლობელი მყავს, რომელიც მოსკოვში საქმიანობს. მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე აქ ყოფილიყო, მაგრამ მითხრა, იმდენი საქმე მაქვს, რომ ვერ ჩამოვდივარო. არადა, თურმე, ისიც ქობულეთშია, მაგრამ მიმალავს. როცა მოლოცვების, ყვავილებისა და საჩუქრების მიღება დავიწყე, ჩართეს ლუბა უსპენსკაიას მოსალოცი ტექსტი. ბოლოს ლუბა ამბობს, სიმღერით, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს, მოვდივარო და ამ დროს ისმის ის სიმღერა, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან და მარტო მან იცის, რომ არ მიყვარს (იცინის). უცებ ვხედავ უსპენსკაია შემოდის თავის შლაპით და სახეზე ნიღბით. მივედი, ავაძვრე ნიღაბი და ვხედავ ჩემი მეგობარია, რომელიც წესით, ჩამოსვლას ვერ ახერხებდა (იცინის).

მაგარი დრო გავატარეთ ამ დაბადების დღეზე, ძალიან ბევრი ემოცია და სიხარული იყო. შალვა მორელი ჩამოვიდა სპეციალურად, ასევე, გაგა ჯიქიძე. კარგი დღე გამოვიდა. ძალიან ბევრი ვიგიჟე.

რუსეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან – საიდან არ ჩამოვიდნენ ჩემთვის მოსალოცად და ყველამ ძალიან გამახარა.

– ასაკის მატებას როგორ ხვდებით?

– ჩემი დაბადების დღე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. მამა და დედა მუსიკოსები იყვნენ, ასევე, ჩემი ძმა. მამა სოხუმში მუშაობდა და ყოველ წელს რესტორანში მიხდიდა დაბადების დღეს. ყოველთვის დიდი მხიარულება იყო. ახლა წლები რომ მემატება, კი მენანება ჩემი თავი, 60 და 20 წელი ერთი და იგივე ხომ არ არის?! ვნერვიულობ კიდეც ამაზე, ეს ხომ ბუნებრივია, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემები არ მაქვს. რაც მთავარია, ისევ ის ხმა მაქვს, წლებს არაფერი შეუცვლია. ახლა ჩემი და შორენას ახალი სიმღერა გამოდის, ძალიან მაგარი პოპური, სახელწოდებით – „გაიხარეთ“. კიდევ ერთი სიმღერა გამოვა ლაშა რამიშვილთან ერთად. საერთო ჯამში, ოთხი ახალი სიმღერა მაქვს გამოსაშვები, მე სულ აქტიური ვარ. მხოლოდ ასაკი მემატება, ეგ არის და ეგ, არაფერი იცვლება.

ოქტომბერში საზღვარგარეთ პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ. მთლიანად ვიცვლი სახეს და ნახავთ, ახალი ლოლიკო დაიბადება. ახლა თუ 60 წლის ვარ, მერე 40-ის გავხდები (იცინის).

უნდა გაცინოთ, 60 წლის გავხდი და პენსიის დრო მოვიდა. გამგეობაში მივედი ისეთი გახარებული პენსიის დასანიშნად, მითხრეს, ქალბატონო, ცხოვრებაში არ გვინახავს ადამიანს ასე უხაროდეს პენსიაში გასვლაო (იცინის).

მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას ვემსახურებოდი. არასდროს ვყოფილვარ გაფორმებული სამსახურში და შესაბამისად, სახელმწიფო არაფერს მიხდიდა. ახლა მაინც მომცემს რაღაცას-მეთქი, მეცინებოდა (იცინის).

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთმა ძალა მოგცეს ოქროსფერი ასოებით შეგეცვალოს შენი გვარი, ჩემო მეუღლევ“ - როგორ ულოცავს იუბილარ ეთერ ლიპარტელიანს მეუღლე

🎥 „თქვენ ხართ მოტივაცია, გავაგრძელო შვილების აღზრდა მშვიდად...“ - ვის მიმართავს თამო ვაშალომიძე ქმართან დაშორების შემდეგ

🎥 „არ აქვს არანაირი სარგებელი, გარდა 2 წამიანი სიამოვნებისა“ - სანდრო ჯიბლაძე 3 სასუსნავს ასახელებს, რომელიც კიბოს კვებავს

წყარო: tbiliselebi.ge