მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მის საოჯახო არქივში დაცული აუდიო, ფოტო და წერილობითი მასალა გადასცა.
ეროვნულ არქივის ცნობით, დოკუმენტებს შორის არის მაგნიტურ ფირებზე, გრამფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე ჩაწერილი რომანსები და საესტრადო სიმღერები ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, გოგი დოლიძის, ეკა მამალაძის, ასევე ანსამბლების - „ორერასა“ და „მელოდიას“ - შესრულებით. აქვეა ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 400-მდე ფოტო, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, წერილები და სხვა დოკუმენტები.
„საქართველოს ეროვნული არქივის მდიდარი აუდიო და ფოტო კოლექციებისათვის ნანი ბრეგვაძის საოჯახო არქივი მნიშვნელოვანი შენაძენია. საარქივო წესით დამუშავების შემდეგ დოკუმენტები დაინტერესებული პირებისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზების მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოგზაურობა ორ სამყაროში“ - ნინუცა ორჯონიკიძე ახალ ვიდეოს გვიზიარებს
⭕15:12 საათზე ლომში ახალმთვარეობის პიკია - დღეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდება