„ნაპოლიმ“ სერია A-ს მეორე ტურში „მონცა“ 4:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დუბლი შეასრულა. იტალიელი ჟურნალისტები ქართველი ფეხბურთელის თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
Mediaset-ის ცნობილმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ დაწერა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერში ვინც წვლილი შეიტანა, ყველა იმსახურებს ნეაპოლში ძეგლის დადგმას.
პაოლო ბარჯიჯა: „ნეაპოლის მოედანზე ძეგლს დავუდგამდი მათ, ვინც ეს ფეხბურთელი „ნაპოლიში“ მოიყვანა“.
ჯუზეპე პასტორე: „ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ უკვე გაიტანა იმდენი გოლი თამაშიდან, რამდენიც მთელ გასულ სეზონში ინსინიემ“.
ანტონელო პერილო: „ტირაჯირ (ნეაპოლურად დარტყმა შორეულ კუთხეში - რედ) კვარაცხელია! ფანტასტიკური ქართველი, რომელმაც ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. პირველი ლორენცო ინსინიეს და მეორე ომარ სივორის სტილში „სტადიო მარადონაზე“. დიდებულია!“
რიკარდო კუჩი: „კვარაცხელია მთლიანად სერია A-ში წელს საუკეთესო ტრანსფერია. ვულოცავ „ნაპოლის“.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.
„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.