ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი თამაში აჩვენა და შეხვედრა მოკლე დროში დაასრულა.
ბასილაშვილისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მანარინოსთან წინა დაპირისპირება ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაის მასტერსზე ტრავმის გამო შეწყვიტა. ამჯერად ნიკოლოზმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა და ტურნირზე წარმატებული გამოსვლა გააგრძელა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ალმათის ტურნირის ძირითად ბადეში მანამდე მარინ ჩილიჩი და ფაკუნდო დიას აკოსტაც დაამარცხა. მანარინოსთან გამარჯვებით კი ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ისე, რომ ძირითად ბადეში სეტი არ წაუგია.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი იქნება.