Digest Logo

🎥 ნონა ხიდეშელი: „პიროვნული განვითარება ტკივილისა და იმედგაცრუებების გარეშე არ არსებობს“

1785830087
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგმა ნონა ხიდეშელმა სალომე კასრაძის პოდკასტში პიროვნული განვითარების, ცნობიერების, ურთიერთობებისა და მშობლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანი რეალურ შინაგან ზრდას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც საკუთარი წარმოდგენებისა და ილუზიების გადაფასებას ახერხებს.

როგორც ხიდეშელი აღნიშნავს, ახალგაზრდობაში ადამიანი ხშირად საკუთარი სურვილებითა და ილუზიებით ცხოვრობს, რის გამოც პასუხისმგებლობის სრულად აღება უჭირს.

„30 წლამდე, ჩემი აზრით, არის პერიოდი, როდესაც ადამიანმა საკუთარი თავი უნდა შეიცნოს, გაიგოს, რა უნდა, როგორ უნდა და ვისთან უნდა. ამ დროს ხშირად იმდენად საკუთარი თავით ხარ მოცული, რომ სხვისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, საჭირო სივრცის შექმნა გიჭირს“, – ამბობს ის.

ფსიქოლოგის შეფასებით, პიროვნული განვითარება არ იწყება ტრენინგებითა თუ სხვადასხვა მეთოდის შესწავლით, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი საკუთარ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს და რეალობის მიღებას სწავლობს.

„პიროვნული განვითარება ტკივილის გარეშე არ არსებობს. იმედგაცრუებებს ვერ გაექცევი, რადგან ხშირად სწორედ ისინი ანგრევს იმ ილუზიებს, რომლებზეც ჩვენი წარმოდგენები იყო აგებული. ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი მოლოდინების რეალობად აღქმაა, მაშინ როცა თითოეულ ადამიანს საკუთარი გამოცდილება, შიშები და დამოკიდებულებები აქვს. ვინც გეუბნება, რომ იცის გზა და უბრალოდ უნდა გაჰყვე, ეს უკვე ლიდერის პოზიციაა, რომელსაც მიმდევრები სჭირდება. რეალური განვითარება ინდივიდუალური გამოცდილებაა – სხვას შეუძლია მხოლოდ დაგეხმაროს, საკუთარი გზა დაინახო,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: