Digest Logo

🎥 „პაესტკა, ნაშები, რესტორანი და ტელევიზორში „ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, გავანათე“ - აი, ეს იყო, მეტი არაფერი...არადა დენი, შევარდნაძის დროსაც იყო“- გია გაჩეჩილაძე სააკაშვილზე

1795597007
გია გაჩეჩილაძე

მომღერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი {„უცნობი“} გაჩეჩილაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა. 1990-იანი წლების ბოლოდან „ვარდების რევოლუციამდე“ და მის შემდგომ პერიოდამდე განვითარებული მოვლენები.

გაჩეჩილაძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლამდე სააკაშვილს პირადად არ იცნობდა, თუმცა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ძმები მას ვაკეში მაჟორიტარობის მოგებაში დაეხმარნენ. მისივე განცხადებით, იმ პერიოდში ლევან გაჩეჩილაძე ზურაბ ჟვანიას გუნდთან ერთად „მოქალაქეთა კავშირში“ იყო, ხოლო პარლამენტში შესვლის შემდეგ ფრაქციის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რასაც „ახალი მემარჯვენეების“ შექმნა მოჰყვა.

2003 წლის არჩევნები და „ვარდების რევოლუცია“

2003 წლის მოვლენების შეფასებისას გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძეს პირველივე დღეს ახალი არჩევნები რომ დაენიშნა, პროცესები რევოლუციური სცენარით აღარ განვითარდებოდა:

„ვარდების რევოლუცია რომ ხდებოდა, სააკაშვილმა კი არ მოიგო ის არჩევნები, მესამე ადგილზე გავიდა. ითხოვდა, რომ მომიმატეთო, მეორეზე გავიდა ასლან აბაშიძე, მეორეზე გამიყვანეთო... შევარდნაძეს ახალი არჩევნები რომ დაენიშნა პირველივე დღეს, ეს არ მოხდებოდა. პროსტა შევარდნაძე მიიყვანა იქამდე, რომ ყველა ჩაერთო ქუჩიდან უკვე. საბოლოო ჯამში, ყველა ელოდებოდა, მე ველოდებოდი, რომ შევარდნაძე ქუჩის პროტესტით წავიდოდა“.

მისივე თქმით, თავდაპირველად ცვლილებების იმედი ჰქონდათ და სიმღერაც „მოდი ერთად ავაშენოთ სახლი“ ამ განწყობით ჩაწერეს, თუმცა არჩევნების შემდეგ სააკაშვილთან საგურამოში გამართულმა შეხვედრამ მისი დამოკიდებულება შეცვალა:

„იქ ეზოში რომ ვზივართ, ისეთი რაღაცები ილაპარაკა, გავშრი პროსტა. „ყველაფერი - მიზანი ამართლებს საშუალებასო, ყველაფერი უნდა იჩალიჩო, რომ მიზანზე მიხვიდეო“. მიშას უნდოდა ხალხზე მოჯდომა, არაფერი არ უნდოდა, ტელევიზიისთვის გაეკეთებინა, რომ „ამას ვაშენებ, ამას ვაშენებ, გათბობა ჩავრთე, სინათლე ჩავრთე“,- იხსენებს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ურთიერთობა საბოლოოდ „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის შემდეგ, კანცელარიაში გამართული შეხვედრისას გაცივდა, სადაც სააკაშვილმა რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ჰიმნის ჩაწერა შესთავაზა:

„შევედი და ხვალ ის არიო... ეს წლისთავი არიო და ესე გადავწყვიტეო: ნინო {ანანიაშვილი} იყოო ახლა გავიდაო, რომ აი, ეს წითელი ხალიჩა დავაგო კიბეებთანო და იქ ცეკვა-ცეკვით ჩამოვიდესო... შენზე რა ვიფიქრეო: კაროჩეო, შენ, პაატა ბურჭულაძემ და ბავშვებმა უნდა ჩაწეროთ საქართველოს ჰიმნიო და პირველად უნდა შესრულდესო ერთ კვირაშიო, და მერე ყოველდღე რადიოში დილა მაგით უნდა თენდებოდესო... ვუყურებ, აჩიკოს გავხედე და ვუთხარი - რა ჰიმნი უნდა ჩავწერო, მე არ ჩავწერ მაგ ჰიმნს, აგერ პაატამ და ბავშვებმა ჩაწერონ-მეთქი“,- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე განცხადებით, უარი იმიტომ თქვა, რომ ყოველ დილას რადიოში საკუთარი ხმით ჰიმნის ჟღერადობა არ სურდა და სააკაშვილის მმართველობასაც უკვე სკეპტიკურად უყურებდა:

„არ მინდოდა, რა ჰიმნი უნდა ჩამეწერა და ყოველ დილას ჩემი ხმით რა ჰიმნი უნდა ჩამეწერა, თან არ მევასებოდა ტიპი... რაც ერთი წელიწადი ვნახე, რეებს აკეთებდა, საერთოდ არაფრის მაქნისი ის არ არის - პაესტკა, მარტო ნაშები, მარტო რესტორანი და ტელევიზორში „ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, გავანათე“ - აი, ეს იყო, მეტი არაფერი“,- ამბობს გია გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძემ ასევე გაიხსენა, რომ ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი 1995–1999 წლებში, შევარდნაძის პერიოდში დაიწყო და არა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მისივე თქმით, იმ ეტაპზე სააკაშვილს პირდაპირი საჯარო კრიტიკით ჯერ არ უპირისპირდებოდა, თუმცა რადიოეთერსა და „ჭიჭიკო და ბიჭიკოს“ მეშვეობით ირონიითა და დაცინვით პასუხობდა.

„მე ვიცი ზუსტად, რომ მაგის დროს არ მოსულა {დენი} დათო მირცხულავა იყო იქ და ისინი იყვნენ ენერგეტიკის სამინისტროში, შევარდნაძის დროს იყო, 95-დან, 99-ში არჩევნების დროს უკვე დენი იყო. არჩევნების დროს „მარიოტი“ იყო უკვე, სხვათა შორის, ქალაქში - ის დანგრეული გაკეთებული იყო, პირველი სკოლა გაკეთებული იყო, ეს ყველაფერი და დენი იყო უკვე. იმ პერიოდში შეიძლებოდა დენი არ ყოფილიყო და პირველ სკოლასა და რუსთაველზე იყო, გეუბნებით. ეს ახლა იძახიან ესენი, რომ დენი მოიყვანაო - დენი მოიყვანა არა, ისა... დაიწერა მერე, რომ დენი მოიყვანა. ეგ არის, მე მასწავლით ეგ ვინ არის და რა არის?! მოხარშულს ვიცნობ, მე მასწავლით ვინ არის?!“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕