Digest Logo

„პატრიოტობა სიყვარულით გასხივოსნებული მსახურებაა“ - გია მურღულიას ემოციური მიმართვა ქართველებს

1778496507
გია მურღულია

ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ცნობიერების, ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქართველობა არის არა ამპარტავნება, არამედ იმ დიდი კულტურის ნაწილად ყოფნა, რომელიც ღვინომ, პურმა, დამწერლობამ, სიმღერამ და ცეკვამ შექმნა.

„ეროვნულ ცნობიერებას, შეგრძნებასა და სიამაყეს (არა ამპარტავნებას) ქმნის იმის განცდა, რომ ქართველებმა შექმნეს ღვინის, პურის, სამსახოვანი დამწერლობის, სიმღერის, ცეკვის კულტურა.

პირველი ორი ღმერთთან ზიარებაა, მომდევნო სამი - ამ იდუმალი და ამაღლებული კავშირის გამოხატვა წერილობით, ჰარმონიული ხმითა და მოძრაობით.
შენ ამის ნაწილი ხარ.
შენ ქართველი ხარ.

შენ ბევრი ნაკლი გაქვს, მაგრამ ღმერთმა, ისტორიამ და შენი ხალხის ნებამ მათთან გამკლავებისა და უწყვეტი განვითარების მყარი წინაპირობა შეგიქმნა.

შენ ყველაფერს დაძლევ.
შენ ყველაფერს მოახერხებ.
შენ მოინდომებ.
შენ ისწავლი.
შენ გონივრულად იმოქმედებ.

შენ კარგი ქართველი იქნები, დიდ მიზნებს დაისახავ და მშვენიერ საქართველოს შექმნი.
ეს ძნელი გზა იქნება.

ერთიანობას, გარჯასა და ძალისხმევას მოითხოვს.
უიმედობა და იმედგაცრუებაც იქნება, მაგრამ ნებისყოფა და ღვთისგან დაბედებული სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ გიღალატებს.

რა არის ამ ყველაფრის ალტერნატივა?
უგუნურება, ამოარტავნება, განცალკევება, სიზარმაცე და დამარცხება.
წესიერი კაცი და საზოგადოება ამას არ ირჩევენ.
ჩვენი გზა საქართველოს მსახურება და გამარჯვებაა.
ეს ჩვენი მოვალეობაა.
და ვინ არ იცის ეს?

ყველამ ვიცით (წინაპრებმა ამაზე იზრუნეს), მაგრამ ცოდნა ცხოვრებად უნდა იქცეს.
აი, ეს უნდა გავაკეთოთ.
ყველაფერი მარტივია.

მარტივი ამბები კი ყველაზე ძნელი აღსასრულებელი ყოფილა.
რწმენა კეთილი ცოდნის აღსრულებაა.
ეს არის პატრიოტობის საფუძველიც.

პატრიოტობა ხომ სიყვარულით გასხივოსნებული მსახურებაა.
პათეტიკა შემოგვეპარა?
არა უშავს.

პათეტიკასაც აიტანს კაცი, თუ შეგრძნება გულწრფელია.
თან ისე აიტანს, რომ დაძლევს კიდეც - სამშობლოს სიყვარულს ზომიერება უხდება.
მხოლოდ ზომიერება ბადებს საქმის გასაკეთებლად საჭირო სიმშვიდეს.

დაწურე ღვინო.
გამოაცხვე პური.
დაწერე ჭეშმარიტება.
უმღერე სამყაროს.
იცეკვე ადამიანის ბედნიერება.
ეს არის ქართველობა.
და ყოველდღე ეს ქმნის საქართველოს“,- წერს გია მურღულია.