საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,პრაიდის ფესტივალის“ დასკვნით დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.
როგორც სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ,,პრაიდის ფესტივალს“ დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, - ნათქვამია განცხადებაში.