Digest Logo

🎥 ქეცბაია VS კვარაცხელია: „მე მისი დონის არ ვარ, მაგრამ...“ - რას იხსენებს ლეგენდარული მწვრთნელი?

1777448359
თემურ ქეცბაია

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და თბილისის „დინამოს“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, პოდკასტ „საქართველოს დაბადების“ სტუმარი იყო. მწვრთნელმა საკუთარ კარიერაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ფეხბურთში სამეგრელოსა და აფხაზეთის როლზე გაამახვილა.

აფხაზური და მეგრული ფეხბურთის ფენომენი

ქეცბაიამ აღნიშნა, რომ თბილისის „დინამოს“ ისტორიაში აფხაზეთიდან და სამეგრელოდან წამოსული მოთამაშეები არა მხოლოდ გუნდის წევრები, არამედ მისი მთავარი დასაყრდენი და წამყვანი ფიგურები იყვნენ.

„ძალიან დიდი როლი ითამაშა სამეგრელოდან წამოსულმა ფეხბურთელებმა ქართულ ფეხბურთში და დღეს ამის დანაკლისია. გული მწყდება, რომ დღეს აფხაზეთიდან ახალი ფეხბურთელები აღარ გვყავს“,-  განაცხადა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, მაშინდელი თაობისთვის თბილისის „დინამო“ იყო ოცნების მწვერვალი, რომლისკენაც ყველა მიისწრაფოდა.

მწვრთნელმა ემოციურად გაიხსენა ის დღე, როდესაც სოხუმის „დინამოდან“ ქვეყნის მთავარ გუნდში გადმოვიდა.

„დილის 07:00 საათზე მივედი ბაზაზე, მატარებელი ადრე ჩამოდიოდა თბილისში. ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული ეგ იყო, რადგან ვნახე ამხელა მოედანზე ლეგენდარული ფეხბურთელები ახლოდან, როგორიცაა ჩივაძე, გაბელია, სვანაძე და სხვა.“

თემურ ქეცბაიამ ინტერვიუში იმ რთულ პერიოდზეც ისაუბრა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას და ქართული ფეხბურთის იზოლაციას მოჰყვა. მან პარალელი დღევანდელობასთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან გაავლო, რათა უკეთ აეხსნა მაშინდელი ფეხბურთელების მდგომარეობა.

„საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, წარმოიდგინეთ, გეუბნებიან: წადი კვიპროსზე, ითამაშე სამოყვარულო გუნდში. მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი გუნდი გვყავდა და ისიც დისკვალიფიცირებული იყო“, - იხსენებს მწვრთნელი.

ქეცბაიას თქმით, დღევანდელი გადასახედიდან ეს წარმოუდგენელი ბარიერია:

„ახლა „კვარას“ რომ უთხრა იგივე, მე მისი დონის ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ მაინც - უთხრა, რომ წადი და სამი წელი კვიპროსზე ითამაშეო, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს?“.