პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლების რეალური მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საკითხის შესწავლა ერთდროულად რამდენიმე უწყებამ დაიწყო.
მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და საცალო ვაჭრობის ობიექტი - გზა სამომხმარებლო კალათამდე ხშირად იმდენად ძვირდება, რომ მოქალაქეს რთული არჩევანის წინაშე აყენებს, როგორ შეძლოს პირველადი საჭიროების ყველა აუცილებელი პროდუქტის შეძენა ოჯახისთვის. რძე, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, ხორცპროდუქტები და სხვა აუცილებელი სასურსათო პროდუქცია - მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ერთი და იმავე სახეობის სურსათი საქართველოში გაცილებით ძვირია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დახლებზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებს უკვე ათობით ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, რომელსაც პირადად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. კომპანიები და ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავენ გზებს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს სურსათის ფასები.
ფასების შემცირების მიზნით მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს დროებითი საპარლამენტო კომისიაც. მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლი ერთ მაგიდასთან - ამ პრინციპით საკანონმდებლო ორგანო შეეცდება დაადგინოს, თუ სად და რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ დახლებზე არსებული პროდუქცია მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ამ საკითხზე ერთად იმსჯელებენ დეპუტატები, იმპორტიორები, სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლები. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი „კურიერი P.S.“-თან არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებიც დაინიცირდეს.
სასურსათო სფეროს გარდა, საპარლამენტო კომისიაზე ელოდებიან ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. მათი ნაწილი უკვე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას. ჯანსაღი კონკურენციის შექმნა და თანასწორი პირობები ყველასთვის - სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოიძებნოს გზა, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების შესამცირებლად.
სამთავრობო გეგმით, ფასების ოპტიმიზაციის მიზნით დაწყებული პროცესი მალე კონკრეტულ შედეგებზე უნდა გავიდეს. ამ გეგმის ნაწილია ადგილობრივი წარმოების წახალისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაც. პარლამენტის და მთავრობის პარალელურად საკითხს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იმის დასადგენად, ხომ არ არის ბაზარზე კარტერული გარიგებები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მკვლელი რეჟიმის ბრძოლა ძალაუფლებისთვის - სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა
⭕თბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა