Digest Logo

რამდენად საშიშია ზღვაში ბანაობა - რა ამბობს ექსპერტი კახოვკას დამბის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

1687335139
კახოვკას დამბაკახოვკას დამბა

2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკას“ კაშხლები ააფეთქეს.

ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკოსისტემაზე და რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შემდეგ? ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი, კახა არცივაძემ უპასუხა.

„დინება ისეა მოწყობილი შავ ზღვაში, რომ ნაკადები, რომლებიც დნეპრიდან გამოდის, იქ ყურეა, ამ ყურეში ჩერდება და მერე წყლის დინება მიემართება შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე საქართველოსკენ.

ეს ძალიან დიდი მანძილია.

შავ ზღვაში ეს ყველაფერი განზავდება. ბევრი პათოგენი წყალში ვერ გადარჩება, ვერ გაძლებს. რა თქმა უნდა, ეს რისკი არაა ნულოვანი, მაგრამ იმის საშიშროება, რომ აქ ზღვაში არ ვიბანაოთ და წყალში არ ჩავიდეთ, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ასეთი საფრთხეები გადაჭარბებულია.

უბრალოდ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.

ეს დაბინძურება ჩვენამდე მოვა თუ არა, საკითხავია.

ამ კატასტროფამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, სახეობებზე, თევზისა და ფრინველების პოპულაციაზე. ადამიანებზე.

უფრო დიდი რისკია ინფექციებით დაავადდნენ ის ადამიანები, ვინც კატასტროფის ადგილზე იყვნენ და მერე ამას ეპიდემიის სახე მიეცეს. ასეთი რისკები უფრო არის, ვიდრე ის, რომ ზღვით ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვიდეს.

სანამ ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვა, განზავდება. შავი ზღვის თავისი ბიოლოგიური გასუფთავების პროცესი არსად არ გამქრალა.

შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს წყლის ხარისხის მხრივ. მაგრამ მეეჭვება ისეთ დონეზე გაუარესდეს, რომ საფრთხედ იქცეს ადამიანებისთვის.

ასე, რომ ნუ შევაშინებთ ჩვენ თანამოქალაქეებს, სტუმრებს. ვფიქრობ, ჯერჯერობით სამაგისო სიტუაცია არ არის. ზედმეტი დრამატიზაცია არ არის საჭირო.

რუმინეთში რამდენიმე პლაჟია დაკეტილი ნაღმების საფრთხის გამო. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები ამოდის ხოლმე ხანდახან ზღვის ზედაპირზე და დაცურავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში დინებების თავისებურებას, ცირკულარული დინებების ფორმა აქვს ბევრ ადგილას. აი, ეს ცირკულარული დინებები მეტყველებს იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ იქნება უფრო ყირიმის სანაპირო, რუმინეთის სანაპირო“,- განაცხადა ექსპერტმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „წელს არ ვაპირებთ შავ ზღვაში ბანაობას, რადგან მომაკვდინებელი ვირუსებით არის სავსე...“ - რას წერს ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე

🎥 „შესაძლოა ხანძარი გაჩნდეს“ - რა ნივთები არ უნდა დავტოვოთ მანქანაში, რომელიც მზის პირდაპირი სხივების ქვეშაა გაჩერებული

🔵 მაშველებმა წყალქვეშა ნავის ძებნისას გარკვეული ხმები დააფიქსირეს