„კურიერმა“ დმანისში, სოფელ ჰამამლოში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გაარკვია. თუ მანამდე კონფლიქტის დაწყების მიზეზად ფინანსურ საკითხს ასახელებდნენ, ადგილობრივები დღეს უკვე ახალ მოტივზე - ბულინგზე აკეთებენ აქცენტს.
გუშინ, საღამოს საათებში, თანასოფლელები „სახლში დაადგნენ“ 18 წლის ბიჭს და ქუჩაში გაიყვანეს, რა დროსაც დაიწყო ურთიერთშელაპარაკება.
ადგილობრივების თქმით, საქმის გარჩევაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
„ახალგაზრდა კაცს რამდენიმე ადამიანი აკავებდა, რა დროსაც 15 წლის მოზარდმა 18 წლის კაცს, ცივი იარაღით, გულმკერდის არეში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“, - ამბობენ ადგილობრივები.
სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
15 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მას ადგილობრივები დადებითად არ ახასიათებენ და ამბობენ, რომ, ბულინგთან დაკავშირებით, დაკავებულს პრობლემები სკოლაშიც ჰქონდა.
არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავონ. სავარაუდო მკვლელი უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ბრალის დაზუსტებას ელოდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გახდა ბულინგის მსხვერპლი და რატომ გააუქმა ნინი ქარსელაძემ სოციალური ქსელი?
🎥 „ასეთი დიდი კაიფი არასოდეს განმიცდია“ - რატომ თქვა უარი „თამადამ“ ალკოჰოლზე?
წყარო: rustavi2.ge