საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ მატჩს ფილოლოგიის დოქტორი, დამსახურებული პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„იმას, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაიწყეს (ჯერ არც დაუმთავრებიათ), სულ მალე ქართველი ოლიმპიელები გააგრძელებენ - დაე, არასდროს დასრულდეს დიდი სიხარულები პატარა ქვეყნისთვის.
ქართველებმა კვლავ ისწავლეს გამორჩეული ნიჭიერების შეზავება მიზანსწრაფვასთან, შეუპოვრობასთან, გონივრულ გარჯასთან და პასუხისმგებლობასთან.
ისტორია ადასტურებს, რომ ასეთებს ვერ აჩერებენ - ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს.
ჩვენი სპორტსმენები უწყვეტი განვითარებისა და წარმატების მაგალითებად გვექცნენ.
მათ გააღიმეს, გაახარეს და ემოციურად გააერთიანეს საქართველო.
ყველა სხვა მიმართულებით იგივე უნდა გავაკეთოთ - შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ.
თითოეული ადამიანის წარმატება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ განაპირობებს ქვეყნის წარმატებას.
შევქმნათ განვითარების ერთიანი ენერგია!
ამას ითხოვს ჩვენგან ეს საუკუნე - აქამდე არნახული შესაძლებლობებისა და სასტიკი კონკურენციის.
ფეხბურთი მხოლოდ სპორტია? - არა, ის ცხოვრებაა.
და ის მომავლის კარგი მასწავლებელია“,- წერს გია მურღულია.