Digest Logo

🎥 რეზი არველაძე ბაბუობაზე: „შენს საქციელზე მეტს ვერცერთი სიტყვა ვერ იტყვის“

1786691867
რეზი არველაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი რეზი არველაძემ ბიძინა ბარათაშვილთან საოჯახო რეალით პოდკასტში ბაბუობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილიშვილების გაჩენამ მის ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ემოცია მოიტანა.

მისი თქმით, განსაკუთრებით განსხვავებული აღმოჩნდა გოგო შვილიშვილთან ურთიერთობა, რადგან აქამდე ასეთი გამოცდილება არ ჰქონია.

„მივხვდი, რომ სხვანაირია, უფრო მომთხოვნია, უფრო აფთარივით არის, რამე თუ უნდა... ბიჭები მაინც, დაელაპარაკები, გაიგებს რაღაცას. გოგოსთან ასეთი პატარა ბავშვთან არ მქონია. აი, ამ ბაბუობაში ერთი ცუდი რაც არის - ფულს რომ მიხდიდნენ, არაფერს არ გავაკეთებდი მე. მარტო კბილებს გამოვიხეხავდი დილას, საღამოს კიდევ გამოვიხეხავდი, დავიძინებდი. ახლა ამაში რომ ფულს იხდი...“,- ამბობს ის სიცილით.

მისივე თქმით, შვილიშვილის ფეხბურთის თამაშის წარმოდგენაც კი განსაკუთრებულად აბედნიერებს და უკვე ფიქრობს, სად უნდა წავიდეს მისი თამაშების სანახავად.

რეზიმ ბაბუასთან დაკავშირებული საკუთარი ბავშვობის მოგონებებიც გაიხსენა. ერთ-ერთი მათგანი გალიდან ბაბუის მოტანილ ვაშლს უკავშირდება, როდესაც ის ფეხბურთის ტურნირზე იმყოფებოდა.

„გასახდელის კარი იღება პირველი ტაიმის მერე, შემოვიდა, პალტოში ხელი ჩაიყო და ვაშლი მომიტანა გალიდან. მეტი რა უნდა გითხრათ. თუ ღმერთმა მაგის ფუფუნება მოგცა და შენმა ცხოვრებამ ისე გაიარა, რომ ამ ბაბუობას და ბებიას, ამ შვილიშვილობას ჯანიანად მოესწარი, რაღაც სხვა რამეს გიტოვებს“, - იხსენებს ის.

პოდკასტის ბოლოს, როცა მას ჰკითხეს, რომელ ასაკში დაბრუნდებოდა მხოლოდ ერთი დღით, რეზიმ ყველაზე ემოციური პასუხი გასცა - დაბრუნდებოდა იმ პერიოდში, როცა მის ცხოვრებაში ყველა საყვარელი ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

„იყო ეგეთი ასაკი ჩემს ცხოვრებაში, რომ სულ ყველა ცოცხალი იყო, ვინც მე ძალიან მიყვარს... ოჯახის წევრებიც და ჩემი ძმაკაცებიც“, - აღნიშნა მან.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: