აღდგომა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის, ეს არის ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ადამიანებისთვის. შესაძლებლობა მონანიების, გააზრების და იმედის დღე განსაკუთრებით იქ, სადაც თავისუფლება შეზღუდულია.
საპატიმროებში აღდგომა წელს სხვანაირია - გისოსებს მიღმა პატიმრები ამჯერად არა მხოლოდ აღდგომის სიხარულს, არამედ მადლიერებასა და დანაკლისსაც გამოხატავენ, პატრიარქის დანაკლისს, რომელმაც მათთვის ყველაზე რთულ გარემოშიც შეძლო ყურადღების მიქცევა, მხარდაჭერა და იმედის შენარჩუნება.
როგორ ხვდებიან აღდგომას პატიმრები
პატრიარქის საგალობელს პატიმრები გალობენ. გისოსებს მიღმა დაგროვილ სათქმელს ასე ყვებიან. ყველაზე დიდი გულშემატკივარი გარდაეცვალათ, მათზე მზრუნველი პატრიარქი. აქ, ქსნის ციხეში წელს აღდგომაც სხვანაირი დღესასწაულია.
ახლა პატრიარქისთვის პატიმრები ლოცულობენ. ლოცულობენ ტაძარში, რომელიც საკუთარი ხელით და უწმინდესის კურთხევით ააგეს. იხსენებენ 10 წლის წინ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ილია მეორე ესტუმრათ.
მსჯავრდებულ ხატმწერს სხვებიც დაეხმარნენ და ეკლესიის მოხატვას სამი წელი დასჭირდა. პატიმრებმა უწმინდესზე საკუთარი სათქმელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში თქვეს და ფრესკა დაიტანეს.
მძიმე წუთებში, დაწესებული საზღვრები პატიმრებს მღვდლებმა შეუმსუბუქეს. ქსნის ციხიდან უწმინდესის პანაშვიდზე მსჯავრდებულების სათქმელი სულიერ მამებს მიჰქონდათ.
დეკანოზი ვიტალი პატიმრებთან დიდ დროს ატარებს, ერთად ლოცულობენ ტაძარში, რომელიც ამ სივრცეში ყველაზე ძვირფასია. ლოცულობენ საკანშიც, ყველგან, სადაც მოუხერხდებათ.
პატრიარქს ბევრი ინიციატივა ჰქონდა იმისთვის, რომ განსაცდელში მყოფი მსჯავრდებულების ყოფა შეემსუბუქებინა. პენიტენციური სამსახურის დირექტორი ამ ინიციატივებზე გვიყვება, რომლებიც კანონად იქცა. განმარტავს, რომ სწორედ პატრიარქის ინიციატივით, დაწესებულებებში მოწყობილ სახელოსნოებში, კვების კომპანიებში ასობით პატიმარი დასაქმდა.
სააღდგომოდ პატიმრებმა ყველაფერი საკუთარი ხელით დაამზადეს. რუსთავის #16 დაწესებულებაში პასკები გამოაცხვეს.
იმედის დღესასწაული მე-16 დაწესებულებაშიც სევდანარევია. გლოვა და ზეიმი აქ პატიმრებთან ერთად ყველა საკანში თანაცხოვრობს. უწმინდესის ეპისტოლეებს ყოველთვის უსმენდნენ, ახლა მათი კითხვა ყოველდღიურობაა.
12 საათზე, აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს მიულოცეს. მთავარი სათქმელიც არ დავიწყებიათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნუ მაჩუქებთ ცოცხალ ცხოველებს…!“ - ზურაბ შევარდნაძე მიმართვას ავრცელებს
⭕„ქრისტე აღსდგა, გილოცავთ“ - თიკა ფაცაცია დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი - ეს უნდა იცოდეთ!