ქართველებისათვის უმნიშვნელოვანესი საერო თუ საეკლესიო დღესასწაულების წელიწადში ორჯერ აღნიშვნა რომ ტრადიციად ჩამოყალიბდა ამას უკვე ყველა შეეჩვია. ასეა ახალ წელთან მიმართებაშიც და მთელი მსოფლიო მას რომ წელიწადში ერთხელ ზეიმობს, მართლმადიდებელი ქრისტიანები, საქართველოში ორჯერ აღვნიშნავთ – ძველი (14 იანვარი) და ახალი (1 იანვარი) სტილით.
14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით, რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა.
საქართველოში „კალანდას” ეძახიან ჩვენში ტერმინად გავრცელებულ “ძველით ახალ წელს”. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით კალანდობა წლის თავს ანუ ახალწელიწადს ნიშნავს. “კალანდობა” გამორჩეულია თავისი მთავარი ატრიბუტით – ჩიჩილაკით, რომელსაც მსხვილი ნედლი თხილის ჯოხისაგან ამზადებენ და მას “ქართულ ნაძვის ხესაც”უწოდებენ. ჩიჩილაკი წმ. ბასილის სახელთანაცაა დაკავშირებული და გურიაში მას “ბასილის ფაფუკ წვერებსაც” ეძახიან.
კალანდობა განსაკუთრებით მაინც გურიაში აღინიშნება და გურულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ახალი წელიწადი,„კალანდობა“ თავისებურებებით გამოირჩევა, ოჯახებში საინტერესო რიტუალსა და დიდი ხნის ისტორიას ატარებს.
კალანდობა ტრადიციული და განსხვავებული გურული ახალი წელია.
„კალანდა“ ლათინური სიტყვა Calendae-იდან მომდინარეობს და თვის პირველ დღეს ნიშნავს.
კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია. ხალხური ტრადიციით, გურულები ჩიჩილაკს წმინდა ბასილის პატივსაცემად რთავენ. რადგანაც ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ.
ჩიჩილაკს ხშირად ქართულ ნაძვის ხესაც უწოდებენ. ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ მერე კანს აცლიან, თლიან, შემდეგ მას თავზე ჯვარს უკეთებენ და , კურკანტელით, ხილითა და ტკბილეულით აფორმებენ, ქვემოთ კი სუროს უფენენ. ჩიჩილაკისთვის სუროს დაფენის ტრადიცია ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. სურო ოლიმპოს ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რომ მტრების ცეცხლში დაწვას გადაერჩინა. სწორედ ამიტომ გურულებს სჯერათ, რომ ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებს ოჯახს.
პირველი ჩიჩილაკი გურიაში, სოფელ ბასილეთში დამზადდა.
გურული მეკვლე
გურიაში განსხვავებული სახელი აქვს მეკვლესაც და მფერხავს უწოდებენ. მფერხავს მასპინძელი ახალი წლის ღამეს ეზოში ხვდება, ალილოს ერთად მღერიან და ერთმანეთს კალანდობას ულოცავენ.
მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა.
ახალუხში, გალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი“ სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით, ადესა~ღვინო; ხეჭეჭური~მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; ჯანჯუხა (ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.
კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა.
ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გრძელდებოდა:
მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.
კალანდობის გურული სუფრა და სამზადისი
ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ახალი წელს გურიაში ზეიმობენ.
საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია ინდაურის ხორცისგან დამზადებული საცივი, ღომი და კეცის მჭადები. ასევე, განუყოფელი ნაწილია - საშობაო კვერი ტრადიციული გურული ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, მოხარსული კვერცხით (ღვიძელი). ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი კი - ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოა.
ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა.
ახალ წლამდე სამზადისს, რიტუალების სახით, გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდა. საკალანდო ღორსა და მამალს ცალკე, სასუქში მოათავსებდნენ, კალანდობამდე კარგად რომ გასუქებულიყო.
თუმცა, ტრადიციულად, მთელი რიგი მზადება და ფუსფუსი გურული ოჯახისთვის მაინც 13 იანვარს იღებდა სტარტს. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს, გასაშრობად.
კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში „კუჩხას“ ეძახიან. ოჯახი ვისაც მეკვლედ შეასახელებდა კალანდობის მეორე დღეს, აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა.
ამ დღეს ოჯახში მეკვლეს საჩუქრად ტკბილეული მოჰქონდა და ბუხარს ანთებდა.
საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა ქართული სიმღერა სრულდებოდა, თუმცა განსაკუთრებულად "ალილოს" მღეროდნენ.
დღეს, ძველი საახალწლო ტრადიციები სახეშეცვლილია, ზოგიერთი მივიწყებულიც კი, თუმცა გურულებმა მაინც შეძლეს კალანდობის ტრადიცია ბოლომდე შეენარჩუნებინათ და დღევანდელობამდე შემოენახათ.
გასულ წელს, ‘კალანდობა’ სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრადიციულად, უძველესი საკალანდო რიტუალების აღნიშვნა როგორებიცაა - აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, გურული ღვეზლის ცხობა, მუცლის სალოცავისა და ჩიჩილაკის დამზადება არ დავიწყებიათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ერთ საღამოს კახა ბენდუქიძემ მომწერა - „ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ“ - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე
როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხალს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად