
საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია. უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ“, - წერს კეკელიძე.
იგი პოსტის კომენტარებში წერს, რომ ამ საქმის გაკეთებაში უმცირესი წვლილი თავად მიუძღვის, ასევე სახლის აშენებაში ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა : MMA Georgia Gulf Georgia Nino Jibladze.
ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი დღეს ყველას უჭირს. 5 მცირეწლოვანის დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა.
ტრაგედია ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 4 თვის.