Digest Logo

საკუთარ ეზოში ყელგამოჭრილი იპოვეს - ენა ბლუ ბიჭმა უფროსი მოკლა (გაუხმაურებელი ამბავი)

1729799623
უბედური- შემთხვევა

ეს ამბავი 2019 წელს მოხდა. გამომძიებელი გაფრინდაშვილი შეფარვით ათვალიერებდა გოლიათივით აზიდულ, კუნთმაგარ მამაკაცს, ტატო ფარჯიანს, რომელსაც წინ წამოწეული ფართო შუბლი და მტაცებელივით დაჟინებული გამოხედვა ჰქონდა. 

– ალბათ, თქვენ უკვე იცით, რომ რეზო მალაზონია გარდაცვლილია, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მალაზონია მოკლეს, – უთხრა გამომძიებელმა ეჭვმიტანილს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ღამეს მის სახლში იყავით.

– არავინ მომიკლავს, – წარბები შეკრა ფარჯიანმა.

– მის ეზოში თქვენი ნაფეხურებია აღმოჩენილი, – უთხრა გამომძიებელმა, – ამ სოფელში 47 ზომა ფეხსაცმელს მხოლოდ თქვენ ატარებთ.

– იმიტომ უნდა დამაპატიმროთ, რომ დიდი ფეხები მაქვს? – ფარჯიანმა ისე გულუბრყვილოდ იკითხა, მგალობლიშვილს გაეღიმა.

– სხვა მიზეზიც გვაქვს, ბატონო ტატო, თქვენ მისი ცოლის საყვარელი იყავით.

ფარჯიანი სკამზე შეტორტმანდა, თითები გადააჯვარედინა და ხელებს დააჩერდა.

– როგორც ჩანს, დრო გჭირდება იმისთვის, რომ მომხდარი გაიხსენო. ახლა იზოლატორში გადაგიყვანენ. საოცარი ადგილია, ადამიანების გონება იქ ყველაზე ნაყოფიერად მუშაობს. ხვალ, როცა შენ მოსანახულებლად მოვალ, იმედი მაქვს, ჩვენი საუბარი უფრო საინტერესო იქნება, – თქვა მგალობლიშვილმა და ბადრაგის ორ თანამშრომელს თვალით ანიშნა, გაიყვანეთო.

– იზოლატორში რა მინდა?! – დაიბუხუნა ფარჯიანმა, ფეხზე წამოხტა, მაგიდას წიხლი მიარტყა, დაძარღვული მკლავებით ჩააფრინდა გამომძიებელს და სანამ ბადრაგი გონს მოეგებოდა, მგალობლიშვილი კედელზე ააყუდა.

– არ მომიკლავს-მეთქი, სახლში გამიშვით! – დაიღრიალა და გამომძიებელს ყელზე მაგრად შემოაჭდო თითები.

ამონაწერი საბრალდებო დასკვნიდან:

„იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილი ტატო ფარჯიანი არნახული ძალის პატრონია, ბადრაგის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, მის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოეყენებინათ. როცა ეჭვმიტანილმა გონება დაკარგა, მას ბორკილები დაადეს და იზოლატორში გადაიყვანეს“.

ფარჯიანი გონზე რომ მოვიდა, ცემენტის იატაკზე ეგდო, ხელით კი რკინის ძელზე იყო მიბმული. ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა და მთელი სხეული სტკიოდა. მისი ადვოკატი, ია ცერცვაძე, მოგვიანებით იხსენებდა, რომ გონდაკარგული ტუსაღი, სავარაუდოდ, უმოწყალოდ სცემეს, რადგან გონზე მყოფს ვერ მოერეოდნენ.

თბილი რძე

აბრეშუმის თეთრეული სასიამოვნოდ ელამუნებოდა ქალის სხეულს. ბოლო დროს ლიანა ბლიაძეს ცუდად ეძინა. რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, ხან პოლიციის განყოფილებაში იბარებდნენ დასაკითხად, ხან თავად სტუმრობდნენ. ერთადერთი, რაც ლიანას ძველი ცხოვრების სტილიდან უცვლელი დარჩა, იყო ის, რომ დილით დიდხანს ენებივრა საწოლში და ოცნებებით შეექცია თავი.

ლიანას შვილები არ ჰყავდა. ის და მისი მეუღლე, რეზო მალაზონია, თბილისიდან სოფელში რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად. სასათბურე მეურნეობა უნდა აეწყოთ და ამისთვის საფუძველიც მოამზადეს, მაგრამ კაცს არ დასცალდა. ის საკუთარ ეზოში ყელგამოჭრილი იპოვეს.

– რძე მოგიტანე, – დამარცვლითა და ენის ბორძიკით ნათქვამი სიტყვები ლიანას საწოლთან ახლოს ჩაესმა და შეშინებულმა გაახილა თვალები.

მის საძინებელში შოთიკო იყო. ენაბლუ ბიჭი. ლიანას ქმარმა ის სათბურში სამუშაოდ დაიქირავა, მაგრამ ცოლ-ქმარს ოჯახის საქმეებშიც ხშირად ეხმარებოდა. რეზო კაპიკებს უხდიდა, ბიჭი კი თავდაუზოგავად მუშაობდა. სოფელში ამბობდნენ, შოთიკო ფსიქიკური ავადმყოფიაო. თუ გაბრაზდებოდა, ყვიროდა, ქვებს ისროდა და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.

კაცები არ უყვარდა იმიტომ, რომ ხშირად დასცინოდნენ, ქალებთან სიახლოვეს კი ერიდებოდა. მალაზონიების ოჯახი ალბათ ერთადერთი იყო, საითკენაც მუდამ სიხარულით მიიჩქაროდა.

– შემაშინე, გთხოვ, ამ ოთახში აღარ შემოხვიდე, – ლიანამ მოშიშვლებულ მკერდზე საბანი აიფარა.

– თბილი რძე მოგიტანე, ხომ გიყვარს? – კართან გაუნძრევლად იდგა და იღიმებოდა ბიჭი.

– მიყვარს, ახლა წადი, შოთიკო, უნდა ჩავიცვა.

– რძე მოგიტანე, – ენის ბორძიკით იმეორებდა ბიჭი და უკვე კარს უკან ისმოდა მისი ფეხსაცმლის ფლატუნი.

„ეს სულელიღა მაკლდა“, – ლიანას არ უყვარდა, როცა ვინმე დილის რიტუალს ურღვევდა. საწოლიდან წამოდგა, თხელ პერანგზე ხალათი შემოიცვა და ფანჯარასთან მივიდა. შოთიკო ეზოში ტრიალებდა. ღობის მწკრივში ალუბლის ნერგებს ყრიდა.

სათვალთვალო

ლიანამ ბიჭს თვალი აარიდა და ჭიშკრის წინ გაჩერებულ მანქანაზე გადაიტანა მზერა. ავტომობილიდან გამომძიებელი მგალობლიშვილი გადმოვიდა. ეზოში შოთიკოს მიესალმა და სახლისკენ გააგრძელა გზა.

– დიდი ხანია არ შევხვედრივართ, – კარში შეეგება გამომძიებელს მასპინძელი.

მგალობლიშვილმა ლიანას სიტყვებში ირონია იგრძნო, მაგრამ მისი „კეთილგანწყობა“ ნაკლებად ადარდებდა.

– თქვენ და ფარჯიანი საყვარლები იყავით. ამ ურთიერთობაში რეზო ზედმეტი აღმოჩნდა და თავიდან მოიშორეთ, – ვინ იცის, მერამდენედ იმეორებდა გამომძიებელი ლიანასთან შეხვედრის დროს.

საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ მკვლელობის ღამეს რეზო მალაზონია თბილისში იყო. უკან მხოლოდ მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გეგმები შეცვალა და გვიან ღამით ჩავიდა სოფელში.

ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან:

„- თქვენ იმ ღამეს ტატო ფარჯიანთან ერთად იყავით?

– ტატო საღამოს 8 საათზე მოვიდა. საძინებელში შევიყვანე.

– როგორც გამოძიებამ დაადგინა, რეზო მალაზონია დაახლოებით ღამის 11 საათზე დაბრუნდა. თქვენ მისი მოსვლა როდის შენიშნეთ?

– არ ველოდებოდი. მანქანის ხმა რომ გავიგონეთ, ტატო საწოლიდან წამოხტა. მიხვდა, ჩაცმას ვერ მოასწრებდა, ტანსაცმელი წამოკრიფა და უკანა გასასვლელიდან გაიქცა, რომელიც მარანს უერთდებოდა, იქიდან ბაღის გავლით სახლამდე მიაღწევდა.

– ამ დროს თქვენ რას აკეთებდით?

– პერანგი ჩავიცვი, ჭიქები დავმალე და დაველოდე, რეზო როდის დააკაკუნებდა კარზე, მაგრამ შინ არ შემოსულა.

– როგორც ჩანს, ტატო შენიშნა და მას დაედევნა, რადგან სწორედ იმ ადგილზე იპოვეს თქვენი მეუღლე მოკლული, რომელ მხარესაც ფარჯიანი გაიქცა. ხმაური, დაყვირება, რამე საეჭვო არ გაგიგიათ?

– არა მგონია, ტატოს მოეკლა.

– საყვარელს იცავთ?

– არა, ვფიქრობ, ტატოს რეზოს მოსაკლავად დანის გამოყენება არ დასჭირდებოდა – რეზო პატარა ტანის კაცი იყო. მისი ენერგია ჯერ ნარკოტიკებმა წაიღო, შემდეგ ალკოჰოლმა. თბილისში გასაყიდი რომ აღარაფერი დარჩა, იძულებული გახდა, სოფელში მამაპისეული სახლისთვის შეეფარებინა თავი. ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა, მაგრამ დააგვიანდა…

– თუ არ დაგვეხმარებით, რომ ტატოს ბრალი დავუმტკიცოთ, თქვენც, როგორც თანამზრახველს, დაგაპატიმრებთ”.

ლიანამ გულისპირთან ხალათი შეისწორა. ქალს თვალის უპეებთან ნაოჭები ემჩნეოდა, მაგრამ მაინც მაცდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა.

– არაფერი ვიცი, – თავი გააქნია ქალმა და მხრებზე ჩამოყრილი თმა შეისწორა.

გამომძიებელი ფეხზე წამოდგა და ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა. ერთმანეთში გამავალი ოთახების კარიდან საძინებელი დაინახა და დიასახლისის უნებართვოდ შეაბიჯა. საწოლი ასალაგებელი იყო. კარს უკან, პატარა ტუმბოზე, რძით სავსე ბოთლი იდგა.

გამომძიებელმა გვერდით გაიხედა და მეორე კარი შენიშნა, რომელიც მარანს უერთდებოდა და ეზოში გადიოდა. მგალობლიშვილი კარს დიდხანს ათვალიერებდა. საძინებელი ექსპერტებმა რამდენჯერმე შეამოწმეს, მაგრამ არავის შეუმჩნევია, რომ კარის ზედა მხარეს პატარა ნახვრეტი იყო. გამომძიებელმა საკეტი გახსნა და მარანში გავიდა.

კარის უკან მისი ყურადღება ჩალის ძველმა სკამმა მიიპყრო, რომელსაც ნაფეხურები ეტყობოდა. გამომძიებელმა კარი მიკეტა. სკამი გაასწორა და ზედ დადგა. თვალით კარზე დარჩენილი ნახვრეტი მოძებნა და, რასაც ელოდა, სწორედ ის აღმოაჩინა. ამ ნახვრეტიდან ლიანას საწოლი მოჩანდა.

– უნდა წავიდე, – მაგალობლიშვილი დინჯად დაბრუნდა მისაღებში და ნივთები წამოკრიფა.

– იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებით, ისე შევეჩვიე თქვენს სტუმრობას, ალბათ მოვიწყენ, – ლიანამ ისე უადარდელად გაიცინა, ყველა გამოცდილი იურისტი მიხვდებოდა, რომ ქალი შეიძლებოდა მეძავი იყო, მაგრამ მკვლელი – არა.

გამომძიებელმა ქურთუკი ჩაიცვა, ეზოში გავიდა, მაშინღა მიუტრიალდა მკერდმოშიშვლებულ ქალს და ხმამაღლა მიაძახა:

– მოსაწყენად არ გეცლებათ, ფარჯიანი ციხიდან გამოდის და გესტუმრებათ ალბათ.

– ტატო? – ჩურჩულით გაიმეორა ქალმა და სახეზე სიწითლემ გადაუარა.

გამომძიებელს აღარაფერი უთქვამს, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ლიანა დაბნეული იდგა აივანზე, შოთიკო კი ისევ ეზოში ტრიალებდა, ალუბლის ნერგებს მიწას უტკეპნიდა გარშემო.

ექსპერიმენტი

ფარჯიანის ადვოკატის, ია ცერცვაძის, ნაამბობი:

„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ. მთხოვეს, რომ სასწრაფოდ ტატო ფარჯიანი მომენახულებინა. ჩემთან ერთად კი მგალობლიშვილიც იქნებოდა. უნდა ვაღიარო, რომ, ბევრი ნაკლის მიუხედავად, ის კარგი გამომძიებელი იყო. მისთვის მთავარი არ იყო, რომ საქმე „გახსნილიყო“, დამნაშავის დაჭერას ცდილობდა.

ჩვენი შეხვედრა საღამოს 7 საათისთვის შედგა. ტატო დასაკითხ ოთახში ვერ გაჰყავდათ, ამიტომ მე და გამომძიებელი სპეციალურად მისთვის განკუთვნილ საკანში ვესტუმრეთ. საშინელ მდგომარეობაში იყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭამა აკრძალა. მშიერი, ნაცემი და ნაწამები სიკვდილის პირას იყო მისული”.

– დღეს ციხიდან გაგიყვან, მაგრამ პირობა უნდა მომცე, რომ თუ ყველაფერი ისე ვერ დამთავრდება, როგორც მე მგონია, უკან შენი ფეხით დაბრუნდები და დამატებით პრობლემას არ შემიქმნი, – უთხრა გამომძიებელმა პატიმარს.

– გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელი შენ არ ხარ. ტატო, უნდა დაგვეხმარო, – თანაგრძნობით გაუღიმა ადვოკატმა ფარჯიანს.

– რა გავაკეთო? – იკითხა პატიმარმა.

– ლიანას უნდა ესტუმრო და ის გააკეთო, რასაც აკეთებდი ხოლმე, – გაიცინა მგალობლიშვილმა.

ტატომ ისევ ადვოკატს შეხედა:

– აქ იმიტომ ჩამსვეს, რომ დიდი ფეხები მაქვს, ახლა საკნიდან პირდაპირ საყვარელთან მივყავარ. გამოძიების უცნაური მეთოდები აქვთ, ხომ?

– ერთი შეხედვით, ასე ჩანს, მაგრამ მენდე, – უთხრა ადვოკატმა, რკინის ძელზე მიბმული პატიმრისკენ დაიხარა და ტუჩზე შემხმარი სისხლის წვეთი მოაშორა, – შეიძლება დღეს ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს.

უკვე კარგად შებინდებული იყო, როცა ციხის კარი გაიღო და იქიდან პატიმარი გაიყვანეს. უკან დაცვის რამდენიმე თანამშრომელი მიჰყვებოდა.

სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი მანქანით გაიარეს. როცა საგამოძიებო ჯგუფის წევრები ლიანას სახლს მიუახლოვდნენ, ფარჯიანი ქვეითად გაუშვეს საყვარელთან.

„რატომ ქმარი და არა – მე?“

შეხვედრა სათანადო იყო. ლიანა ცრემლებითა და მოშიშვლებული მკერდით ელოდა. ტატომ საყვარელი ქალი რომ დაინახა, გულში ჩაიკრა, ხელში აიტაცა, საძინებელში შეიყვანა და „საგამოძიებო ექსპერიმენტიც“ დაიწყო.

ცოტა ხანში საძინებლის მეორე მხარეს ისეთი ყვირილი და ბრაგუნი ატყდა, ლიანა ლამის საწოლიდან გადავარდა. ფარჯიანი ფეხზე წამოხტა, გასაღების გადატრიალება დაავიწყდა და მარანში გამავალი კარი მხრით გაანგრია.

სურათი, რაც იქ დახვდა, მოულოდნელი იყო. შავ ტანსაცმელში გამოწყობილ სპეცრაზმელებს ახალგაზრდა კაცი ხელებგადაგრეხილი მიჰყავდათ.

– ეს ხომ სულელი შოთიკოა, – იყვირა ლიანამ, – რას ერჩით, თავი დაანებეთ!

– არც ისეთი სულელია. თქვენს რომანტიკულ შეხვედრებს ამ კარის უკან ატუზული ადევნებდა თვალს. შენი ქმარი მან გაისტუმრა საიქიოში, – მარანში თავი შეჰყო მგალობლიშვილმა, რომელსაც სახეზე აშკარად კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა.

– რატომ ქმარი და არა – მე? – გაოცებით იკითხა ფარჯიანმა.

– მიზეზი მარტივია, თვითონ არაფერი შეეძლო, მხოლოდ პროცესის ყურებით კმაყოფილდებოდა. რეზოს გამოჩენა კი ყველაფერს აფუჭებდა. ერთხელაც თავი ვეღარ შეიკავა და მოკლა. ასეა? – გამომძიებელი ახლა შოთიკოს მიუტრიალდა.

– რეზო ცუდი კაცი იყო, ცუდი! მითხრეს, რომ ცოტას მიხდიდა, – ფეხი მიწაზე დააბაკუნა შოთიკომ და უკანასკნელად შეავლო თვალი ლიანას მოშიშვლებულ მკერდს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რას ნიშნავს „მეთოდი 369“, რომელიც სურვილების ასრულებაში გვეხმარება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის ნოემბერი განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული იქნება

ნათია დუმბაძის უფროსი ვაჟი 17 წლის გახდა - როგორ მიულოცა მომღერალმა შვილს დაბადების დღე