ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „სფიქიზი“ Speak easy პირად ცხოვრებაზე, ახალგაზრდობის შეცდომებსა და საკუთარი ხელით შექმნილ კოქტეილზე ისაუბრა. ასტროლოგმა აღნიშნა, რომ სასმელს ადამიანის ცხოვრებაში ორგვარი როლი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მთავარი ზომიერება და სწორი მიდგომაა. თავად ყველაზე მეტად კოქტეილი „პინაკოლადა“ უყვარს, რაც იტალიაში ნანახი ბრაზილიელი ბარმენის შთამბეჭდავ მომზადების პროცესს უკავშირდება. ცაგარელი გადაცემის ბარშიც მოხვდა და ტკბილი, საზაფხულო სასმელიც შექმნა, რომელსაც თავისი საყვარელი სიტყვა - „იღბალი“ უწოდა.
„სასმელს ორგვარი დატვირთვა აქვს: ერთი არის, როცა სასმელი ათაყვანებს და აჩლუნგებს ადამიანს, და მეორე ვარიანტი, როცა ის მას პირიქით ასაზრდოებს, დამატებითი ენერგიით ავსებს და შემოქმედებით შესაძლებლობებს უხსნის. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ სწორი მიდგომა სასმელისადმი. მე ვაფასებ ყველაფერს იმას, რაც არის გულით გაკეთებული. ბებიაჩემი როცა აკეთებდა საჭმელს ან სასმელს, ყოველთვის ღიღინებდა და გამოდიოდა ძალიან გემრიელი... რა გულით აკეთებს და რა განწყობაზეა ბარმენი, ამის მიხედვით ის გამოვა უკეთესი ან უარესი“,- აღნიშნა ცაგარელმა.
მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში ასევე გაიხსენა ახალგაზრდობის წლები და ისიც აღიარა, რომ პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გადაწყვეტილების ნაადრევად მიღება იყო.
„ტელეფონიდან ჩემს ხმას აქვს ტემბრალური მომენტი, რის შედეგადაც ძალიან ბევრ ადამიანს ეძინება ხოლმე... მშვიდდებიან, წყნარდებიან. როცა მე დავიწყებდი 2-საათიან საუბარს, გოგოები უკვე ხმაში და საუბარში იყვნენ შეყვარებულები... პირველი ოჯახი დავანგრიე იმიტომ, რომ ძაან ახალგაზრდულ წლებში მოვინდომე ეს ყველაფერი. 21 წლის ვიყავი მაშინ და სად მეჩქარებოდა არ ვიცი, მაგრამ რეალურად არ ვიყავი მზად იმისთვის, რასაც ოჯახი ჰქვია. მეორე უკვე 33 წლის ვიყავი, სულ სხვანაირად მზად ვიყავი. მე მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზე, სტაბილურობა და როცა მოვიდა ადამიანი და გავიგე, რომ მისი ნიშანი იყო ქალწული, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ჩემი. მასთან დღემდე ვარ მშვიდად და სტაბილურად“,- ამბობს ასტროლოგი.
ამასთან, გადაცემაში ცაგარელმა ახალგაზრდობაში დაშვებულ შეცდომებზეც გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტული წარსულისა და ფიცხი ხასიათის გამო, ხშირად ვარდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებში, რამაც საბოლოოდ სულიერი ძიების გზაზე დააყენა.
„ახალგაზრდობაში თუ რაღაც შეურაცხყოფის მომენტი იყო, მერე უკვე ჩემში იხსნებოდა ეს სიგიჟე. ნავარჯიშები ვიყავი, ჯანი მერჩოდა და თუ ჩხუბი იყო მტრისას. სამი ადამიანი იყო რეანიმაციაში წასული, ძლივს გადაარჩინეს, იმიტომ რომ რეალურად ვახრჩობდი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ასე ვიღაცა შემომაკვდება, მოვხვდები ციხეში და დავამთავრებ ამით. აქედან დავიწყე ძიება, მივაგენი იოგას სისტემას, მოვხვდი ინდოეთში, გავხდი ოშო რაჯნიშის მოსწავლე და ბევრი რამ შეიცვალა რადიკალურად ჩემში“,- იხსენებს მიხეილ ცაგარელი.
დასასრულს, როდესაც წამყვანმა, ახალი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით შიში გამოხატა „ძალიან მეშინია ამ კითხვაზე პასუხის...“, მიხეილ ცაგარელმა მას მკაცრი ასტროლოგიური და ენერგეტიკული რჩევა მისცა:
„აი, სიტყვა, რომელიც შენ წარმოთქვი „ძალიან მეშინია“ უკვე არასწორია. ბუნებას აქვს თავისი კანონები, რომელიც უნდა იცოდე. რასაც უშვებ, მოდის უკან ზუსტად იგივე ხარისხით. შენ ახლა სამყაროში გაუშვი ეჭვის უარყოფითი ენერგია... მისი განეიტრალება შეგიძლია ახლავე, თუ იტყვი: ჩვენი გადაცემა გადასარევად წარიმართება, ყველაფერი იქნება კარგად!“,- თქვა მიხეილ ცაგარელმა.