Digest Logo

„სამსახურში ნასვამი დავდიოდი და მეგონა, ვერავინ ამჩნევდა“ - 12 წლის ასაკიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, უმძიმესი დიაგნოზი და 6 ჯერ ახლიდან დაწყებული ცხოვრება

1793967022
გიორგი იუკუირიძე - ჟურნალისტი

ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად მუშაობს, ურთიერთობს კოლეგებთან და ასრულებს თავის მოვალეობებს ისე, რომ გარშემომყოფებმა არც კი იციან, რა უხილავ და მძიმე ბრძოლას აწარმოებს ეს ადამიანი საკუთარ თავთან. „გვანცას პოდკასტის“ ამ განსაკუთრებულ ეპიზოდში ჟურნალისტი და მედიამენეჯერი გიორგი იუკურიძე გულახდილად საუბრობს იმ საშინელ გამოწვევებზე, რომლებმაც მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა: 10 წლის ასაკში გადატანილი თავის ტვინის ანევრიზმა და მე-4 სტადიის აგრესიული სიმსივნე, 12 წლიდან დაწყებული ალკოჰოლური დამოკიდებულება და გზა იმ ფსკერიდან, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა.

„უმძიმესი მდგომარეობა იყო, გადარჩენის თითქმის არარსებული შანსი... გაკეთდა ურთულესი 9-საათიანი ოპერაცია. რეანიმაციიდან რომ გამოვყავდი, საკუთარი ფეხით გამოვედი,“ – იხსენებს გიორგი.

ალკოჰოლი გიორგის ცხოვრებაში სრულიად ადრეულ ასაკში - 12 წლისამ შემოვიდა, როდესაც ოჯახურ სუფრებზე ბავშვს წყალნარევ ღვინოს ასმევდნენ. პირველი მოხმარება მისთვის ყოველგვარი კომპლექსისგან გათავისუფლებისა და „მაგარი ტიპის“ სტატუსის მომტანი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ის წარმატებით ახერხებდა პროფესიული საქმიანობისა და მძიმე დამოკიდებულების შეთავსებას, თუმცა რეალურად სულ სხვადასხვა ნიღბებს ატარებდა.

„12 წლიდან 36 წლამდე ამაზე საკუთარ თავსაც კი არ ვეუბნებოდი... ავაშენე პიროვნება აბსოლუტურად ყალბი. სხვასთან ერთი ადამიანი ვიყავი, მესამესთან - სხვა, და საბოლოოდ აბსოლუტურად დაკარგული ვიყავი. იმ პერიოდში მთავარი პრობლემა არა სიკვდილის შიში, არამედ ის იყო, რომ ექიმის მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ალკოჰოლის მიღება არ შემეძლო. თუნდაც მძიმე დიაგნოზების (მეორეჯერ განმეორებული ანევრიზმის რისკისა და ჩეხეთში გავლილი დასხივების) დროს, მისი პირველი კითხვა ექიმთან ყოველთვის ერთი იყო: „შემიძლია ახლა დავლიო?“,- იხსენებს იგი.

დამოკიდებულებამ ისეთ ზღვრამდე მიიყვანა, რომ სამეგობრო დაკარგა, ოჯახური ურთიერთობები დაინგრა და მისთვის ცხოვრება მხოლოდ მოხმარების ციკლად იქცა. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ძმის მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ცენტრზე თავიდან მძიმე აგრესიითა და უარყოფით უპასუხა, მაგრამ იმავე საღამოს ცხოვრებაში პირველად თქვა: „კი, მე დახმარება მჭირდება.“

„დღეს ვარ ის გიორგი, ვისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა... აღარ მჭირდება გაქცევა, აღარ მჭირდება ნიღბები. დღეს ვუსმენ იმ მუსიკას, რაც მიყვარს და ვუყურებ იმ ფილმს, რაც მე მომწონს“,- აღნიშნავს ჟურნალისტი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕