„ლარსის საგუშაგოზე რუსმა მესაზღვრეებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა დაიწყეს,“ - ამის შესახებ უფლებადამცველთა ორგანიზაციის „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა.
„რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ვერხნი“ ლარსის საგუშაგომ ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმა მობილიზაციის შესახებ კანონის საფუძველზე დაიწყო“, - წერს ჩიკოვი.
მანამდე უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ კაცები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში არ გაუშვეს.
ლარსზე საქართველოს საზღვართან შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ ბეტეერებით. აღნიშნულის შესახებ ფოტო ტელეგრამზე გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსულ მხარეს ბლოკპოსტის ჩადგმა სურს.ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 300 000 სამხედროს მობილიზებას მოახდენენ. მობილიზების პარალელურად კი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლომდე მოხდეს.
ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით.
ასევე დაგაინტერესებთ👇