საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კიოლნის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა.
მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„ფეხბურთში ბევრი სიურპრიზი გვინახავ, მხოლოდ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს. როგორც ვთქვი, საქართველომ პორტუგალიას აჯობა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების პოტენციალი აქვს. მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ მოსაგებად, რისი დიდი იმედიც გვაქვს. თუმცა, ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება.
მეტოქის ერთ-ერთი მთავარი თვისება და ძალა კონტრშეტევებშია, ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ და ყოველი მცირე დეტალი გასათვალისწინებელია, რადგან ბევრი პლუსი გააჩნიათ.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებთან სხვადასხვა დროს მითამაშია, 2015 წლიდან და ვიცი, რომ დიდი პროგრესი განიცადეს. ბევრი ფეხბურთელი ევროპულ ლიგაშია, რაც ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი გაიზარდა. ვილი სანიოლმაც დიდი სამუშაო შეასრულა, ძალიან გამოცდილი ადამიანია, მას კარგად ვიცნობ და მიხარია, რომ წარმატებით მუშაობს.
რასაც კარგად ვაკეთებთ, კიდევ უფრო კარგად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სტილი ფეხბურთელების ბუნებრივი მდგომარეობაა, მათ მოსწონთ ამ სტილით თამაში. საქართველოს ძლიერი მხარეები აქვს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა შევცვალოთ და მეტოქეს მოვერგოთ. თუმცა, რთული თამაში გველოდება და ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - აცხადებს დე ლა ფუენტე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება
⭕„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ - ესპანელთა მთავარი მწვრთნელი