გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო საავტომობილო გზის კმ114 კმ 194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „პალიტრა ვიდეოსთან“ ისაუბრა.
„შეუსწავლელ გეოლოგიაზე მორგებული პროექტები ყოველთვის განწირულია. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი სტრუქტურა კავკასიის გეოლოგიის. ეს არის კომპლექსური, ძალიან რთული და ბოლომდე შესწავლილიც არ არის. საინტერესო რაღაცები ხდება რიკოთის სტრუქტურასთან დაკავშირებით.
გეოლოგებმა, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, თქვეს, რომ რეკომენდაციები ჩვენ სხვაგვარად გვქონდა გაცემული და სხვა სამშენებლო გადაწყვეტილებები არის მიღებულიო.
ის ორი, რაც ჩამოინგრა და კიდევ უამრავია, რაც აუცილებლად პრობლემატურია, დაბზარულია ქავერები. სერიოზული პრობლემებია, დაბზარულია ფასადები. ისეთი კუთხით აქვთ დაფერდებები გაკეთებული, რომ ასეთი რაღაც არ შეიძლება“, - ამბობს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„საქართველო ევროპაა!“ - გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის