ყოფილმა პროკურორმა შალვა ნიქაბაძემ იუთუბის არხზე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ „რუსთაველი მანიაკის“ სახელით ცნობილი საქმის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ დაკავებულმა ფრიდონ პირტახიამ დაკითხვისას რუსთავში ჩადენილი რვავე მკვლელობა აღიარა.
ნიქაბაძის თქმით, საქმეზე 1999 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გამოძიება, ხოლო 2001 წელს ეჭვმიტანილი მარტვილში, კიდევ ერთ გოგონაზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ დააკავეს.
მისი ინფორმაციით, ფრიდონ პირტახია დევნილი იყო აფხაზეთიდან, ცხოვრობდა რუსეთში, მოგვიანებით კი რუსთავში დასახლდა, სადაც, გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ქალების მკვლელობებს სჩადიოდა.
„საერთო ჯამში მოხდა რვა მკვლელობა. ყველა მსხვერპლი ქალი იყო. ნაწილი გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული იყო, ნაწილი კი პირდაპირ მოკლეს. ხელწერა მიუთითებდა, რომ დანაშაულები ერთი და იმავე პირის ჩადენილი იყო.
სრული შოკი იყო ჩემთვის, რამდენად დეტალურად ახსოვდა თითოეული მსხვერპლი – რა ეცვა, რა სამკაული ეკეთა, რაზე საუბრობდნენ. აბსოლუტურად დეტალურად მოგვიყვა დანაშაულის ჩადენის თითოეული ეპიზოდი.
ამბობდა, მკვლელობით სიამოვნებას არ ვიღებდი, უბრალოდ მოწმეს ვიშორებდი, რომ არ დავეჭირეთო. მან მითხრა: „თქვენ კიდევ არ იცით, მე რა მაქვს გაკეთებული. სიცოცხლის ღირსი არ ვარ.“
როდესაც ვთხოვდი, დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, აღარ ლაპარაკობდა. დღემდე მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა სხვა დანაშაულებიც ჰქონდა ჩადენილი“,- აღნიშნა ნიქაბაძემ.
მისი ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მარტვილში ადგილობრივები ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ნიქაბაძის თქმით, ფრიდონ პირტახია ორთაჭალის ციხეში იმავე ღამეს გარდაიცვალა.
„იმავე ღამეს თავი მოიკლა - საპარსით ვენა გადაიჭრა. რა თქმა უნდა, გვქონდა ეჭვი, ნამდვილად თვითმკვლელობა იყო თუ არა, თუმცა ჩატარებულმა ექსპერტიზამ ძალადობის კვალი ვერ დაადგინა“, – აღნიშნა მან.
ნიქაბაძის თქმით, მიუხედავად დამნაშავის თვითმკვლელობისა, გამოძიება მისი ჩვენებების გადამოწმებას აგრძელებდა.
„მისი ჩვენებიდან გამომდინარე დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებები. რამდენიმე მსხვერპლს ძვირფასი სამკაულები ეკეთა. მან გვიჩვენა, რომ მათი ნაწილი მეზობლებს აჩუქა, ნაწილი კი ლომბარდში ჩააბარა. სამკაულები ამოვიღეთ როგორც ლომბარდიდან, ისე მეზობლებისგან და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ისინი ამოიცნეს.
ბრალის წარდგენა გარდაცვალების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა შეგროვებული მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდა, რომ სწორედ ფრიდონ პირტახია იყო ის პიროვნება, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვეძებდით“, – აღნიშნა ყოფილმა პროკურორმა.
ნიქაბაძის განცხადებით, გამოძიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გარემოება მეზობლების ჩვენებები აღმოჩნდა.
„ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა – ასეთი წყნარი, პატიოსანი და წესიერი ადამიანი ჩვენს უბანში არ ცხოვრობდაო. როცა სადმე მივდიოდით, პატარა შვილებსაც კი მას ვაბარებდით, რომ ყურადღება მიექციაო“, – გაიხსენა ნიქაბაძემ.
ყოფილი პროკურორის თქმით, მოგვიანებით სპეციალური ლიტერატურის გაცნობის შემდეგ ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.
„შემდეგ, როდესაც შესაბამისი ლიტერატურა წავიკითხეთ, გავიგეთ, რომ ეს სერიული მკვლელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა – იქ, სადაც ცხოვრობენ და ყოველდღიურად ურთიერთობენ ადამიანებთან, ხშირად იდეალური მეზობლის, მეოჯახისა და კეთილსინდისიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ“, - განაცხადა ნიქაბაძემ.
მისივე ინფორმაციით, ფრიდონ პირტახიას მეუღლე და 15 წლის ქალიშვილი ჰყავდა, თუმცა, მისი მოგონებით, იმ პერიოდში ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ – მეუღლე შვილთან ერთად სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა.
ცნობისთვის პირტახიამ დანაშაულები, შემდეგი თანმიმდევრობით ჩაიდინა:
1999 წლის 13 აგვისტოს მოკლა 14 წლის ნანა ბრეგვაძე, რომლის გვამი გადამალა „აზოტის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებარე სახლის სარდაფში.
1999 წლის 18 ოქტომბერს გააუპატიურა და შემდეგ მოკლა პირველი კურსის სტუდენტი, 16 წლის ხათუნა მანაშვილი, რომლის გვამი ჩააგდო რუსთავის რკინიგზის სადგურის სატვირთო-საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ყუთში. მოკლულს მოხსნა ოქროს სამკაულები, რომელიც მიჰყიდა მეზობელს.
2000 წლის 2 ივლისს პირტახიამ გარდაბნის რაიონში, ზოოვეტინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე მიტოვებულ საინკუბატორო საამქროს სპეციალურ საცავში გააუპატიურა და შემდეგ მოკლა 21 წლის სოფო კუბლაშვილი.
2000 წლის 29 მაისს რუსთავში, მე-2 მიკრორაიონში მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულზე მან გააუპატიურა და შემდგომ დანით მოკლა 28 წლის მარინა გრიდნევა.
2000 წლის 29 ივლისს რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, მოკლა 35 წლის მარინა იმერლიშვილი. გვამი დააგდო იქვე, მინდორში მდებარე სანაგვესთან.
2000 წლის 15 ივლისს პირტახიამ რუსთავში, თავის ბინაში, დანით მოკლა 43 წლის მზია ხუციშვილი.