ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია 15 აგვისტოს გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც მათ უკანასკნელ შეხვედრასა და თბილ მოგონებას იხსენებს:
„... სულ ბოლოს „გარდენიაში“ შევხვდი, დიდხანს ვიჯექით პატარა კაფეს წინ, რა აღარ მოვიგონეთ, მერე სიტყვა ერთ ახალგაზრდა ფოტოგრაფზე ჩამოვარდა, ვაქეთ და ვადიდეთ, ბადრიმ თქვა:
- მაგარი ბიჭია, კარგად იღებს, ყველაფერი მომწონს მაგისი, მოკლედ, გადასარევია....
მე იუმორით, გურულად შუუჩხიკინე:
- მოკლედ რეიზა, რაცხა ხომ არ შეგშურდა მაგ ბიჭის თქო.
- ოოჰ, შენ დეიღუპე საცხა, რა უნდა შემშურდეს, რავა მე გლახათ ვიღებ თუუუუ? ააა, მიყურეეეო და ფოტოაპარატი გააჩხაკუნა,
- ამ საღამოს გადმოგიგზავნი შენს პორტრეტს და ნახე, აგერ, ამ პაწა კოლოფში რაფერ დაგაპატიმრეო.
საღამოს ეს პორტრეტი გამომიგზავნა და მიაწერა: „ნინუკას - ბადრი ვადაჭკორია, რაფერია, ცააა?“
ძამიკონა, მაგარია, მაგრამ ახლა საშინლად გულდაწყვეტილს და დარდიანს გვტოვებ ამ მიწაზე, შენ გზას გაუმარჯოს მარადიული სამყოფელისკენ, ღმერთმა გაგიღოს სასუფევლის კარი!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე.
ბადრი ვადაჭკორიას მრავალწლიანი შემოქმედება საქართველოს ბუნების, კულტურისა და ადამიანების აღბეჭდვას ეძღვნებოდა. მისმა ფოტონამუშევრებმა ქვეყნის მატიანეში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.