ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად... ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების ხსენებისა... ვიყოთ მემკვიდრენი მათი უფლისადმი სიყვარულში, უფლის ერთგულებაში...“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას!
ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინებისა და ზეიმის დღე. წმინდა ასი ათასი მოწამე, ისევე, როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა. ისინი არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე.
რას ნიშნავს „მოწამე“? „მოწამე“ ნიშნავს მოწმეს. ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა „მარტის“ (μάρτυς), ის ნიშნავს მოწმეს და მოწამეს.
და აი, წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა; რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი.
წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც ამბობდნენ წმინდა მამები, რომ მოწამეობა მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო.
მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვებისა, სიკვდილით დასჯისა, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი ვრცელდებოდა.
ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობამაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს.
და აი, მათ შემდეგაც, შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას. ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი; მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამასოფლისგან მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება. ასე იყო წმინდა კეთილმსახურ და მოციქულთასწორ მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყო შემდგომ პერიოდებშიც, ასე იყო XX საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა.
დღეს ჩვენ – მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც – ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, ეკლესია დგას და არსებობს! და ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე: „მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“ (მთ. 16, 18).
ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად, და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების – წმინდანების – ხსენებისა, ვისაც დღეს ვადიდებთ; ვიყოთ მემკვიდრენი მათი უფლისადმი სიყვარულში, უფლის ერთგულებაში.
დღეს ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ჩვენც შევძლოთ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დღეს, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე; და ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გადარჩეს და გამთლიანდეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს! წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - აცხადებს პატრიარქი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ტრადიციული შაბათი დღე“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს