Digest Logo

შსს საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

1663695624
საქართველოს ბანკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ.  დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე  მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. სამართალდამცველებმა იგი შეჭრიდან 8 საათში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავედ მძევლად 12 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. 12-ვე მძევალი თავისუფალია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალა და მილიონ-ნახევარ დოლარი მოითხოვა.

ბანკის მძარცველს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამაგრებული, პოლიციას ულტიმატუმებს უყენებდა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.