Digest Logo

„სიკვდილი სიცოცხლის ნიღაბია... ათეისტი ვიყავი... ღმერთის ხსენებაზე მეცინებოდა“ - დეკანოზი გურამ ოთხოზორია სიკვდილის შიშსა და რწმენამდე მიმავალ გზაზე

1788431467
გურამ ოთხოზორიაგურამ ოთხოზორია

დეკანოზმა გურამ ოთხოზორიამ ერთ-ერთ გადაცემაში სიკვდილის ფენომენზე, შიშის დაძლევასა და საკუთარ სულიერ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიკვდილის შიში ადამიანის უმწიფრობიდან და გაუგებრობიდან მოდის, რეალურად კი იგი მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც უფრო დიდი სიცოცხლე იმალება.

სასულიერო პირი იხსენებს, რომ სიკვდილის პირველი მწარე განცდა ბავშვობაში მდინარეზე ბანაობისას მიიღო, როდესაც ასაკით უფროსი ბავშვები მას წყალში სულხუთვამდე ძირავდნენ. ამ პათოლოგიურმა შიშმა მასში ღრმა კვალი დატოვა, თუმცა მოგვიანებით ეს განცდა მეტაფიზიკურ ძიებაში გადაიზარდა.

„ათეისტი ვიყავი... ღმერთის ხსენებაზე მეცინებოდა. მეოთხე კურსზე გოგო შემიყვარდა. ჩემი მექანიკური სამყარო ამ სიყვარულმა ააფეთქა, თითქოს სასახლეში ჭაღი აინთო, ისეთი ლამაზი გახდა სიცოცხლე. ამ დროს ტვინი გეუბნება, რომ ყველაფერი კვდება. დილას ოფლში გაწურულს მეღვიძებოდა, სიკვდილში ყოფნა არ მინდოდა... ათეისტი ვიყავი, სახარებას არც შევეხებოდი, მაგრამ სიცოცხლის წყურვილი იმდენად ძლიერი გახდა, რომ შინაგანმა ჭიდილმა გარღვევა მოახდინა. სახარებასთან პირველივე შეხებისას სიკვდილის შიში ბუშტივით გასკდა და დარჩა დიდი სიცოცხლის ექსტაზი.“

კითხვაზე, ეშინია თუ არა დღეს სიკვდილის, მამა გურამი აღნიშნავს, რომ ეს არ არის შიშის ცხოველური ფორმა:

„კი. მეშინია, მაგრამ შეძრწუნებული არ ვარ. ეს არის მიტოვებული ბავშვის შიში, რომელმაც იცის, რომ დედა აუცილებლად მოვა, თუმცა ამ წუთს სიბნელეს განიცდის როგორც მიტოვებულობას. ამ სიბნელეში შემოდის პატარა ნათელი სხივები, რომლებსაც ვკენკავ და ამით ვმაგრდები“,- აცხადებს დეკანოზი გურამ ოთხოზორია.