ახალი წლის ჯადოსნური განწყობა თამო ვაშალომიძისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს ეს დღესასწაული და ახლა უკვე ცდილობს, საკუთარ შვილებსაც შეაყვაროს.
თამო ვაშალომიძე: ახალი წელი დაბადების დღეზე მეტად მიყვარს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. რაც ბავშვები მყავს, კიდევ უფრო ვცდილობ, სახლში სიხარული და ბედნიერება სუფევდეს. მინდა, ჩემს შვილებსაც ისე უყვარდეთ ეს დღე, როგორც მე და ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით ხვდებოდნენ. მე ახალი წელი ბაბომ და პაპამ შემაყვარეს. ჩემს ბავშვობაში ყოველ ახალ წელს თოვლი მოდიოდა, ამის გარეშე ვერც ერთ ახალ წელს ვერ ვიხსენებ. ეს კიდევ უფრო ჯადოსნურ გარემოს ქმნიდა და ძალიან მაბედნიერებდა. ალბათ, ამიტომაც მიყვარს დღემდე ასე ძალიან. ჩემს ქმარს არ უყვარდა ახალი წელი, მაგრამ მე ისეთი ენთუზიაზმით ვემზადები ხოლმე: პირველ დეკემბერს უკვე ნაძვის ხით ვხვდები, სახლს ვრთავ, საახალწლო ტკბილეულს ვაცხობ, ჭურჭელიც საახალწლო მაქვს, ბუხარსაც ლამაზად ვრთავ და საერთოდ, ყველგან და ყველაფერში მინდა, რომ საოცარი განწყობა იგრძნობოდეს. საახალწლო „პიჩენიები“ კარგი სულაც არ გამომდის, სამწუხაროდ, ჩემი სუსტი მხარე სამზარეულოა, მაგრამ მაინც ვცდილობ (იცინის). ზოგჯერ დამეწვა, კინაღამ ცეცხლიც გავაჩინე, მაგრამ ასეთი მცდელობებიც ბედნიერებას მანიჭებს და მინდა, ეს ბედნიერება მთელ ოჯახს გადავდო. წელს ჩემმა ქმარმა თვითონ მოიტანა ნაძვის ხე და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ, მგონი, მასშიც რაღაც შეიცვალა. თან, ისიც გამიხარდა, რომ სამმეტრიანი ნაძვის ხის მოტანა მე არ დამჭირდა (იცინის). ძალიან მიხარია, თუ მასში ამ წლების განმავლობაში ცოტათი მაინც შევცვალე ახალი წლისადმი განწყობა. თოვლის ბაბუისთვის წერილების დაწერა და პირველ იანვარს საჩუქრების გახსნა კიდევ უფრო ალამაზებს ახალ წელს.
- აკას არ უთქვამს, სახლში, შენი მომზადებული მირჩევნიაო?
- აკას ძველი ქართველი მამაკაცის ხასიათი აქვს, მაგრამ ასეთ რამეებზე არ აქვს რეაქცია. პირიქით, ესმის, რომ გადარბენაზე ვარ. შვილები მყავს, ჩემი ბიზნესი მაქვს და ეს ბუნებრივია, ამიტომ არ აპროტესტებს. ცოტა ხნის წინ, სამსახურიდან მოდიოდა და მითხრა, კარტოფილსა და მჭადს თუ მომიმზადებო? სხვათა შორის, მჭადი იმდენჯერ გამაკეთებინა, ამასობაში ვისწავლე (იცინის). ყვავილები მომიტანა ღამის სამ საათზე მჭადების სანაცვლოდ (იცინის). იმდენად იშვიათად მთხოვს ძალიან მარტივ რაღაცას, უარს როგორ ვეტყვი. მარტივი კერძების მომზადება შემიძლია, მაგრამ ცოტა რთულის, როცა ორი ბავშვი გყავს და უამრავი საქმე გაქვს, მიჭირს. ჩემი დედამთილია ამ ამბავში საუკეთესო და გამიმართლა, რომ გვერდით ცხოვრობს. თუ რამეა, აკა მასთან გადაირბენს ხოლმე (იცინის). აკა მართლა ყველანაირად მხარში მიდგას ამ მხრივ. როდესაც ოჯახში შემოვედი, ორი ძიძა და პლუს დამლაგებელი, ცოტა გაუკვირდა, რად გინდაო? მაგრამ მერე, რომ დაინახეს ორი ბავშვი, საქმე, ამხელა სახლი, კატა და ამ ყველაფერთან ერთად, სისუფთავესა და წესრიგს, მხოლოდ მე ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. ზოგი კაცი გააპროტესტებდა, რა ორი ძიძა, რისთვის ხარ ქალიო. საქართველოში რა დალევს ასეთ კაცებს, მაგრამ აკაც და მისი ოჯახიც ძალიან გამგებიანია.
- 12 საათს სადღესასწაულოდ გამოწყობილი ხვდები თუ გირჩევნია, სახლურ ფორმაში და კომფორტულად იყო?
- აქამდე სულ ბრდღვიალებში ვიყავი, მაგრამ ამ წელს ძალიან სადად ჩავიცვამ. როცა ბევრი ადამიანი გადევნებს თვალს, მაინც ვალდებული ხარ, ფორმაში იყო და ზოგჯერ ეს სამსახურივითაა. გულწრფელად რომ ვთქვა, მე გადაპრანჭულზე მეტად, თბილი „სვიტრი“ და ხელში ყავა მომწონს. სხვათა შორის, წელს არ მაქვს ისეთი განწყობა, როგორიც წინა წლებში მქონდა. თითქოს ცოტა ჩამიქრა სადღესასწაულო შეგრძნებები და ვცდილობ, თავს ძალით მივცე მოტივაცია. ვცდილობ, ბავშვების გამო შევინარჩუნო ხალისი. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ალბათ, ბევრი პრობლემა დაგროვდა ან დავბერდი (იცინის). შეიძლება იმიტომაც მოიტანა აკამ ნაძვის ხე, მიხვდა, რომ ცოტა დახმარება მჭირდება განწყობის ასამაღლებლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეტროს ვაგონებს შორის დგას და სიგარეტს ეწევა“ - რა კადრები ვრცელდება თბილისიდან
წყარო: tbiliselebi.ge